500 ქალი ტექში – BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი წარადგინა
500 ქალი ტექნოლოგიებში – საქართველოში მასშტაბური გადამზადების პროექტი იწყება, რომლის პრეზენტაციაც BTU-მ პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განახორციელა. ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს მასშტაბით 500 ქალის გადამზადების პროგრამას იწყებს. გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება. მათ შორის:
- Front-end დეველოპმენტი;
- Back-end დეველოპმენტი;
- UI/UX დიზაინი;
- გრაფიკული დიზაინი;
- ციფრული მარკეტინგი;
- ციფრული პროდუქტების ტესტირება;
- და სხვ.
მონაწილეების შერჩევა მოხდება როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი.
გადამზადების ტექ-მოდულები ჩატარდება როგორც დამწყებებისთვის, ასევე მათთვის ვისაც აქვს გამოცდილება ტექნოლოგიების სფეროში, ტექ მოდულების გარდა, ჩატარდება ინგლისური ენის ინტენსიური კურსები და კარიერული ბუთქემფი, რომელიც შესძენს კანდიდატებს, ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბუთქემფის ფორმატში, მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით. მათთან ინტენსიურად იმუშავებენ ინდივიდუალური მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან კარიერულ განვითარებაში და შესაბამისი სამუშაოს მოძიებაში.
სირთულის მიხედვით დონეებად დაყოფილი კურსების გავლა, მონაწილეებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად მათზე მორგებული პროგრამით მიიღონ ცოდნა და დასაქმდნენ.
პროექტის განხორციელებაში ერთვებიან საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კომპონენტში გადაამზადებენ მონაწილეებს და ითანამშრომლებენ მათთან შემდგომი დასაქმების ხელშეწყობისთვის.
პარტნიორ კომპანიათა რიცხვი სისტემატურად იზრდება, ამ ეტაპზე, პროექტის მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვეს ორგანიზაციებმა: GITA, თიბისი, Epam, Exadel, ExactPro, GeoSTQB, ნოქსტონი, b2c, Phubber, სამბრელა, Sweeft Digital, ციფრული ინდუსტრიის აკადემია, Travel Guide, Total Courage – Georgia, და სხვ..
კურსებზე რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილ, ასევე გამოუცდელ ქალებს – 16 წლის ასაკიდან.
კურსებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში “Coding School for Women” 2019 წელს დაფუძნდა და 2500-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთა გადამზადება ტექნოლოგიების სფეროში სრული დაფინანსებით წარიმართა. გადამზადებულ ბენეფიციარ ქალთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-მდეა.