Volvo-ს ავტოქარხანა და სხვა ინდუსტრიული ლიდერები ,,ინდუსტრია 4.0-ს’’ BTU-ს სამაგისტრო პროგრამაზე დანერგავენ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული სასწავლო პროგრამებითაა ცნობილი, ამჯერადაც უპრეცედენტო სამაგისტრო სასწავლო მოდული ინერგება.
,,ინდუსტრია 4.0’’ – ასე ჰქვია მოდულს და ის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის ინსტრუმენტების სწავლებას გულისხმობს.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აცხადებენ, ისინი აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ სასწავლო პროგრამების დახვეწასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე მორგებაზე. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია მოდულის ,,ინდუსტრია 4.0–ის” შექმნაც, რომლითვისაც ბელგიური, შვედური, პორტუგალიური და სხვა წამყვანი ინსტიტუციური და კორპორაციული პარტნიორები გაერთიანდნენ. მათ შორისაა „ვოლვოს“ ავტოქარხანაც.
მოდულის შესაბამისი სწავლება და საჭირო მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება. სტუდენტებისთვის მოეწყობა მაღალტექნოლოგიური სივრცე, სადაც მენეჯერული პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და პროგრამული უზრუნველყოფით ისწავლება.
„პროექტის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აქტივობები რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. მათ შორის ჩვენ ჩავატარებთ კვლევას და მოვამზადებთ ანგარიშს პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სასწავლო მეთოდოლოგიებსა და კურიკულუმზე. გადავამზადებთ და დავატრენინგებთ კადრებს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისად. ევროპელი პარტნიორების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საფუძველზე ჩვენთან შეიქმნება ახალი სასწავლო მოდული მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის (Industry 4.0 Business Management). მისი პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად კი შევქმნით მაღალტექნოლოგიურ სასწავლო ლაბორატორიას, ასევე გავავითარებთ ინსტიტუციურ ერთეულებს,“ – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
ინსტიტუციური განვითარების პროექტი ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში, შესაბამისი მოდულის განვითარებისთვის და ინდუსტრიების ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის ერთვებიან ევროპის მოწინავე უნივერსიტეტები და კორპორაციები, მათ შორის ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია; პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტი, შვედეთი; გენტის ვოლვოს ავტოქარხანა, ბელგია და სხვა.