ვლადიმერ სვანაძე
ვლადიმერ სვანაძე არის საჯარო მმართველობის დოქტორი, მისი სადოქტორო ნაშრომი ეხება კიბერუსაფრთხოების პოლიტიკასა და მართვის სტრატეგიას. ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი, მათ შორის პირველი ქართულენოვანი წიგნის “კიბერთავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. პოლიტიკა, სტრატეგია და კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები, 2016” თანაავტორი კიბერუსაფრთხოებაში . ასევე, 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა მეორე ქართულენოვანი წიგნი „კიბერსივრცის ახალი გამოწვევები და საქართველო“. 2024 წელს გამოვიდა მისი მონოგრაფია „კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, მართვის სტრატეგია და რეკომენდაციები“.
ვ. სვანაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მოწვეული ლექტორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ასოცირებული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში. მის მიერ საქართველოში პირველად შეიქმნა ახალი სასწავლო მოდული „ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია“. მოცემული მიმართულებით კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
არის ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI)“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე; საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; კიბერ კვლევების გლობალური ფონდის (GFCYBER) უფროსი ანალიტიკოსი.
იგი ჩართული გახლდათ საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017 – 2018 და 2021 – 2024 წლების ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ვერსიის მომზადებაში, მონაწილეობდა „კანონში ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის პროცესსა და ახალ კანონმდებლობაზე სამუშაო პროცესში. 2014–2016 წლებში კიბერუსაფრთხოების საკითხებში იყო კონსულტანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროში“, რომლის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში იღებდა აქტიურ მონაწილეობას.
ვ. სვანაძე არის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) “ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის” შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე; კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის (IFCS) ინიციატორი და ორგანიზატორი. მისი ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით 2016 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი ქართული ინტერნეტმმართველობის ფორუმი (GeoIGF).
ვლადიმერი მიწვეული იყო ეროვნული ექსპერტად და კონსულტანტად IFES/USAID – ის პროექტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო სისტემის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად. ის ასევე იყო ეროვნული ექსპერტი USAID – ის სხვა პროექტში საქართველოს ინტერნეტის ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საგანმანათლებლო სექტორების კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად; ეროვნული ექსპერტი/კონსულტანტი ევროკავშირის პროექტში “გადავარჩინოთ ბავშვები” კიბერუსაფრთხოების კუთხით. მან საქართველოში პირველმა სკოლებისთვის შექმნა სასწავლო მოდული კიბერუსაფრთხოებაში, რომელიც დაინერგა სკოლა – ლიცეუმ „აი – ბი მთიებში“. 2019 წლიდან დღემდე არის USAID – ის ექსპერტი. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვა მრავალ რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტში. 2018 წელს მიწვეული იყო კონსულტანტად კიბერუსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის კუთხით ყაზახეთისა და უკრაინის მთავრობების მიერ.
იგი გახლავთ ICANN – ისა და RIPE NCC – ის სამსამგზის სტიპენდიატი. მისი ინიციატივით შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია“, სადაც გაერთიანებულნი არიან ქვეყნის წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა კიბერუსაფრთხოების პირველი საერთაშორისო ზამთრის ბანაკი და „ციფრული კულტურის სკოლა“, ასევე შეიქმნა ტექნოლოგიების შესახებ ონლაინ ჟურნალი CyberStellar, იყო რადიო გადაცემის „Cyber Talk“-ის ავტორი და წამყვანი.
ვლადიმერ სვანაძე ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: “საქართველოს თავდაცვის სისტემის ტექნოლოგიური აუგმენტირების პროცესი”.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ვლადიმერ სვანაძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- Check Point-ის Secure Academy-ს საერთაშორისო სერტიფიცირება -სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსი;
- მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა თემატურ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICANN – The Internet Corporation for Assigned Names and Numbers; The RIPE Academic Cooperation Initiative (RACI) ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების დასაგეგმად).