ვირტუალური შთაბეჭდილება ციფრულ სამყაროში: როგორ უნდა შევქმნათ ძლიერი და მყარი იმიჯი ონლაინ სივრცეში?
როგორ შევქმნათ კარგი ვირტუალური შთაბეჭდილება
შესავალი
თანამედროვე პროფესიულ ლანდშაფტში კარგი ვირტუალური შთაბეჭდილების შექმნა გადამწყვეტია. იქნება ეს Zoom ზარების თუ ელფოსტის საშუალებით, ვირტუალურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარს დიდი გავლენა აქვს კარიერაზე. მასალაში განხილულია ვირტუალური შთაბეჭდილების შექმნის ძირითადი სტრატეგიები, რომლებიც ეფუძნება ტეხასის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ენდრიუ ბროდსკის (Andrew Brodsky) შეხედულებებს.
ვირტუალური კომუნიკაციის გამოწვევები
კარგი შთაბეჭდილების მოხდენის ტრადიციული წესები, როგორებიცაა თვალებით კონტაქტი და ხელის ძლიერად ჩამორთმევა, ვირტუალურ სამყაროში არ მოქმედებს. ვირტუალურ ინტერაქციებს საკუთარი გამოწვევები აქვს, ესენია ჩართულობის შენარჩუნება და არასწორი კომუნიკაციის თავიდან აცილება.
ვირტუალური კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიები
უმჯობესია ილაპარაკოთ უფრო მეტი, ვიდრე ნაკლები
ვირტუალურ გარემოში დუმილი საზიანო შეიძლება იყოს. თუ შეხვედრის დროს ჩუმად იქნებით ან ხშირად არ უკავშირდებით ელფოსტით, სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ არ ხართ ჩართული პროცესში ან გულგრილი ხართ. უმჯობესია, ოდნავ ზედმეტი კომუნიკაცია დაამყაროთ, რათა თქვენი ძალისხმევა და ჩართულობა თვალსაჩინო იყოს.
აღნიშნეთ თქვენი ძალისხმევა
რადგან სხვები ვერ ხედავენ თქვენს ყოველდღიურ სამუშაო ჩვევებს, აუცილებელია რეგულარულად მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პროგრესის შესახებ. ხშირი, მოკლე განახლებების გაგზავნა ერთიანი დეტალური ანგარიშის ნაცვლად დაგეხმარებათ აჩვენოთ, რომ მუდმივად მუშაობთ და ჩართული ხართ პროცესში.
სიჩქარე ყოველთვის გადამწყვეტი არ არის
მიუხედავად იმისა, რომ ჩართულობის ჩვენება მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად პასუხის გაცემა ელფოსტაზე არ არის აუცილებელი. კვლევები აჩვენებს, რომ მიმღებები ხშირად გადაჭარბებით აფასებენ, თუ რამდენად სწრაფად უნდა უპასუხონ. ერთდღიანი დაგვიანება, როგორც წესი, მისაღებია და ნეგატიურ აღქმას არ იწვევს.
გამოიყენეთ ემოჯები ფრთხილად
ემოჯების გამოყენება შეიძლება აღიქვან მეგობრულად, მაგრამ შესაძლოა ნაკლებად პროფესიონალურად მიიჩნიონ. კონტექსტს მნიშვნელობა აქვს: გამოიყენეთ ემოჯები იმ შემთხვევაში, თუ ის პირი, ვისთანაც კომუნიკაციას ამყარებთ, თვითონაც აკეთებს ამას, მაგრამ ერიდეთ მათ ოფიციალურ ინტერაქციებში, მაგალითად, სამუშაო ინტერვიუებისას.
გაიმეორეთ იმ ადამიანის სტილი, ვისთანაც საუბრობთ
თქვენი კომუნიკაციის სტილი იმ ადამიანისას შეუსაბამეთ, ვისთანაც ურთიერთობთ. ეს ხელს უწყობს კავშირის დამყარებას. ეს ტექნიკა ცნობილია „მირორინგის“ (mirroring) სახელით და ხელს უწყობს ნაცნობობისა და ნდობის შეგრძნებას.
საერთო შეცდომების თავიდან აცილება
cc-სა და bcc-ის რისკები
მენეჯერებისა ან დამატებითი რესპოდენტების ჩართვამ ელფოსტებში შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს, რადგან ეს შეიძლება ნდობის ნაკლებობად აღიქმებოდეს. ანალოგიურად, მიღების დადასტურებების გამოყენებამ შეიძლება შეჭრის შეგრძნება აღძრას და საჭიროა ამის თავიდან აცილება.
ვიდეო თუ აუდიო ემოციური საუბრებისთვის
ვიდეოზარები შეიძლება ავთენტურობას გამოხატავდეს, მაგრამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში. ცუდი ამბების შესატყობინებლად ან რთული საუბრებისთვის შესაძლოა აუდიოზარები ან ელფოსტა უფრო შესაფერისი იყოს არასწორი ინტერპრეტაციისა არავერბალური ნიშნების თავიდან ასაცილებლად.
დასკვნა
კარგი ვირტუალური შთაბეჭდილების შექმნა მოითხოვს მკაფიო, ხშირ კომუნიკაციას და გააზრებულ ჩართულობას. ამ სტრატეგიების გამოყენებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ვირტუალური ინტერაქციები, ჩამოაყალიბოთ უფრო მტკიცე ურთიერთობები და უზრუნველყოთ თქვენი პროფესიული არსებობა, თუნდაც დისტანციურად.
განსახილველი კითხვები:
- როგორ შეიძლება დაბალანსდეს ხშირი კომუნიკაციის საჭიროება და რისკი, რომ კოლეგები ზედმეტი ინფორმაციით არ გადატვირთოთ?
- რა სიტუაციებში შეიძლება, რომ აუდიოზარები უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ვიდეოზარები კომუნიკაციისთვის?
წყარო:
- “The Secrets to Making a Good Virtual Impression,” The Wall Street Journal, June 24, 2024.