უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში
გასულ უქმეებზე (30 ნოემბერს და 1 დეკემბერს) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა 4 საერთაშორისო ოლიმპიადა დაპროგრამებაში.
30 ნოემბერს ჩატარდა მოსწავლეთა რუსეთის ღია გუნდური ოლიმპიადის ფინალი. იგი ტარდებოდა პარალელურად განაწილებულ რეჟიმში – სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, თბილისში, ბარნაულში, კრემენჩუგში. თბილისიდან ამ ოლიმპიადაში ჩაერთო საქართველოს 9, სომხეთის 5 და აზერბაიჯანის 3 გუნდი. ჩვენ საანონსოდ ავღნიშნეთ, რომ ქართველი მოსწავლეები ამ ოლიმპიადაზე სტაბილურად წარმატებით გამოდიან, სისტემატიურად იმსახურებენ დიპლომებს და რამდენიმეგზის აღებული აქვთ მედლები, მათ შორის, ოქროს მედლებიც. მაგრამ წლევანდელი შედეგი აღმოჩნდა საუკეთესო ამ ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის ისტორიაში. გუნდმა დასახელებით «Graneli», რომელიც წარმოადგენდა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას (#199) დაიკავა მეორე ადგილი და დაიმსახურა ოქროს მედლები. აქამდე მოსწვლეთათვის საუკეთესო იყო ოქროს მედლები, რომელიც მოპოვებული იყო 2016 წელს გუნდის მიერ, რომელიც წარმოადგენდა სასწავლო ცენტრ «მზიურს», აგრეთვე დემირელის სახელობის კოლეჯს და კომაროვის სახელობის სკოლას. ამ გუნდის შემადგენლობაში იყვნენ – გიორგი სხირტლაძე, გიორგი კლდიაშვილი, ნუგზარ ჩხაიძე. გუნდის მწვრთნელები გახლდათ გიორგი მანდარია, ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი. წლევანდელი ტრიუმფატორები კი გახლავან ნიკოლოზ ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია და არჩილ ბასაძიშვილი. გუნდის მწვრთნელებია ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი. სერიოზული წვლილი ამ გუნდის წარმატებაში შეიტანა გამოცდილმა ოლიმპიელმა, თოპკოდერის ვერსიის სამხრეთ კავკასიის ყველაზე მაღალრეიტინგიანმა პროგრამისტმა, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვლმა. უნდა ითქვას, რომ მოსწავლეთა შორის უფრო მაღალპრესტიჟული გუნდური ოლიმპიადა მსოფლიოში არ არსებობს და ჩვენი მოსწავლეების წარმატებები ძალიან სასიხარულოა.
ამავე დღეს და ამავე ამოცანებზე, დაწყების დროის მცირედი გადაწევით, ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის პერსონალური ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 111-მა სტუდენტმა. მეორე წელიწადია ზედიზედ სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი გახდა ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ამჯერად ეს აღმოჩნდა მატვეი ასლანდუკოვი. მეორე ადგილზე გავიდა უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი მარკ მიხნო, ხოლო მესამეზე კი ალექსანდრე ხოხიაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან.
1 დეკემბერს ჩატარდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი (ტარდებოდა ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, თბილისში, ალმათიში და ბარნაულში). აქ მონაწილეობა მიიღო სულ 300-ზე მეტმა გუნდმა. ფინალში გადავიდა 16 საუკეთესო. მათ შორის აღმოჩნდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შემადგენლობით – ხაჟაკ გალსტიანი, ლევონ მურადიანი და ჰამლეტ მიქაელიანი. გუნდის მწვრთნელია არმენ ანდრეასიანი. ამ გუნდმა 7 ამოცანა ამოხსნა და სომხეთის ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ეს ჩვენი სომეხი კოლეგების უდიდესი წარმატებაა, რადგან ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ-ჯერობით ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წარმოდგენილია მეორედ. მოცემული მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თითო ჯერ იყო წარმოდგენილი თსუ, თავისუფალი უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აიღო მედლები. ეს იყო თსუ-ს გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
საქართველოს წარმომადგენლებიდან წელს ყველაზე უკეთესი შედეგი 6 ჩაბარებული ამოცანით აჩვენა თავისუფალი უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა – ბაქარ გამეზარდაშვილი, ვანო გამეზარდაშვილი, ალექსანდრე ხოხიაშვილი, მწვრთნელი – ზაზა გამეზარდაშვილი. სწორედ ამ გუნდმა მოიპოვა საქართველოს 2019 წლის ჩემპიონის წოდება ICPC ვერსიით. აზერბაიჯანის ჩემპიონი 4 ამოცანით გახდა ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის გუნდი შემადგენლობით – ულვი ასლანლი, ნიჯად ჰუსეინოვი და აიუბ ნაჯაფზადე. გუნდის მწვრთნელია ეტიბარ სეიდზადე.
პარალელურად და იმავე ამოცანებზე თბილისში ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მიიღო მონაწილეობა სულ 81-მა გუნდმა. ისევე, როგორც შარშან, გაიმარჯვა ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტის კაცნაკლულმა გუნდმა – მატვეი ასლანდუკოვი, ანდრეი შანინი, მწვრთნელი ალექსანდრე ვეჩური (9 ამოცანა). მეორე იყო ზემოთ უკვე ნახსენები ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი (ხაჟაკ გალსტიანი, ლევონ მურადიანი, ჰამლეტ მიქაელიანი), ხოლო მესამეზე კი გავიდა თბილისელ მოსწავლეთა გუნდი, რომელიც ასევე იყო ზემოთ ნახსენები. ამ გუნდმა წინა დღით მეორე ადგილი დაიკავა მოსწავლეთა გუნდურ ოლიმპიადაზე (ნიკოლოზ ბირკაძე, თეიმურაზ თოლორაია, არჩილ ბასაძიშვილი). სიტყვამ მოიტანა და ეს გუნდი მსოფლიო ფინალში გასულ ერევნის უნივერსიტეტის გუნდს ჩამორჩა მსოლოდ დროითი მაჩვენებლებით (ასევე 7 ამოცანა ჩააბარა) და რომ ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მონაწილეთა შორის – ფინალში გავიდოდა. უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიის წლევანდელი ჩემპიონი თბილისში ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტის სტატუსით – მათი ზონის ნახევარფინალი ოქტომბერში ჩატარდა…
სამხრეთ კავკასიის მასშტაბის ორივე შეჯიბრებაზე დიპლომები განაწილდა შემდეგნაირად: 7 და მეტი ამოცანა – პირველი ხარისხის დიპლომი, 6 ამოცანა – მეორე ხარისხის დიპლომი, 5 ამოცანა – მესამე ხარისხის დიპლომი, 4 ამოცანა – მაღალი მაჩვენებელი (High Achievement).
ამ რაოდენობის მონაწილეები გასულ წლებში არ გვყოლია. მაგრამ მასპინძელმა უნივერსიტეტმა, მიუხედავად მისი დებიუტანტობისა ამ საქმეში, შესანიშნავად გაართვა თავი ყველა საკვანძო საკითხს. უკლებლივ ყველა მონაწილემ აღნიშნა ოლიმპიადაზე მუშაობის იდეალურთან მიახლოებული პირობები და ტექნიკისა და საშეჯიბრო სისტემის გამართული მუშაობა. ყოველივე ეს, პირველ რიგში, ბატონების გიორგი ბასილაიას და დავით ყვავაძის დამსახურებაა.
მთლიანობაში მასპინძელი უნივერსიტეტის რესურსების მობილიზება საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად მოხდა უშუალოდ რექტორის, ქ-ნ ნინო ენუქიძის ხელმძღვანელობით.
არსებითი წვლილი ღონისძიების წარმატებაში შეიტანა სპონსორებმა – ქართულმა პროგრამისტულმა კომპანიებმა «ალტა-საფტვეარმა» და «სოფტგენმა». ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ კომპანიებისგან დაპროგრამების ოლიმპიადების სპონსორობას ტრადიციული ხასიათი ეძლევა.
ძალიან ვემადლიერებით ასოციაციას «ქართული განათლების ცენტრი», რომელმაც უზრუნველყო ღონისძიების გაშუქება ტელევიზიით.
მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს უკრაინელი და სომეხი კოლეგების ძალიან ძლიერი გამოსვლა. უფრო მეტს ველოდით ქართველი სტუდენტებისგან. აზერბაიჯანის წამყვან გუნდებს წელს მოუწიათ თაობათა ცვლა, ამიტომ მათი შედეგები გასულ წლებთან შედარებით უფრო მოკრძალებული იყო.
ზემოთ ავღნიშნეთ ქართველი მოსწავლეების წარმატება. უნდა ითქვას, რომ ასევე ძლიერად გამოვიდა სომხეთის და აზერბაიჯანის მოსწავლეებიც.
მთლიანობაში, ქართველმა სტუდენტებმა უნდა გააძლიერონ მზადების ინტენსივობა. აქ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. უნდა მოეწყოს სათანადო შეკრებები. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ უკრაინელ კოლეგებთან და სამხრეთ კავკასიის მეზობელ სახელმწიფოებთან ერთობლივი საზაფხულო სკოლების მოწყობის შესაძლებლობა…
სამწუხაროდ. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ზოგიერთმა გუნდმა დაარღვია ოლიმპიადაში მონაწილეობის ელემენტარული წესები, რის გამოც ეს გუნდები მოიხსნა შეჯიბრებიდან მის დაწყებამდე. ეტყობა მწვრთნელებმა მეტი მუშაობა უნდა გავწიოთ, რათა ასეთ შემთხვევებს ამ მასშტაბის ღონისძიებაზე ადგილი არ ქონდეს.
და ბოლოს, მინდა ჩამოვთვალო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც წარმოდგენილი იყო უმაღლეს სასწავლებელთა შირის დაპროგრამების მსოფლიო ჩემპიონატზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ თსუ-ს გუნდების გარდა ცალკე გუნდების გამოყვანის შესაძლებლობა მიეცა ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თსუ-ს ფილიალს.