ციფრული მედიის სასერტიფიკატო პროგრამა
სოციალური მედია უდიდესი ძალაა, რომლის გარეშეც დღეს წარმატებული საქმიანობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ის ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან მარკეტინგში, აცნობიერებენ სოციალური მედიის როლს ბიზნესის განვითარებაში. სოციალური მედია საზოგადოებრივი აზრის ფორმიებისთვის და მათი სიმპათიის დამსახურებისთვის საუკეთესო საშუალებაა. მისი მეშვეობით შეგიძლია ადამიანებს გააცნო შენი პროდუქტი, მათი კონცენტრაცია მის დადებით მხარეებზე მოახდინო, დაიმსახურო მომხმარებლების ნდობა, ეს ყველაფერი კი სწორი მარკეტინგისთვის ძალიან საჭიროა.
აქტუალობიდან გამომდინარე დღეს ძალიან ბევრი სასწავლო დაწესებულება სთავაზობს მსურველებს კურსს სოცალურ მედიაში. მაისიდან კი ამ შესაძლებლობას საკუთარ სტუდენტებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი შესთავაზებს. საწყის ეტაპზე 20-მდე სტუდენტი შეძლებს სრულიად უფასოდ გაიაროს – BTU Digital Media School-ის კურსი.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, საკუთარ სტუდენტებს წარმატების მისაღწევად ყველა წინაპირობა შეუქმნას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები არ ჩამორჩნენ თანამედროვე ტენდენციებს. სწორედ ამიტომ საბაკალავრო სტანდარტული პროგრამის პარალელურად ვთავაზობთ სხვადასხვა დამხმარე კურსებს, რომლებიც მათ სამომავლო საქმიანობაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. ერთ-ერთი ასეთი კი სოციალური მედიის კურსია, რომელიც მაისის თვეში დაიწყება და საკმაოდ ინტენსიური 10 შეხვედრა ჩატარდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსს სტუდენტებისთვის სრულიად უფასოდ ვაკეთებთ,“ – განმარტავს ნინო ენუქიძე.
სასერთიფიკატო პროგრამა 10 შეხვედრისგან შედგება, რომელთა განმავლობაშიც სტუდენტები შემდეგ თემებს გაივლიან: Google Ads, Facebook Ads, Email Marketing, მზა პლათფორმები, საიტის დიზაინი, Social bakers, Facebook analytics, კონტენტის შექმნის პრინციპები,სოციალური მედია კამპანიები. კურსს კი სოციალური მედიის ექსპერტი და ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი გიორგი კენჭუაშვილი წარუძღვება.
„პირველ რიგში, ეს პროექტი ახალგაზრდებს დაეხმარება, ზუსტად განსაზღვრონ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც საქმე სოციალურ მედიას ეხება. შესაძლებლობა მიეცემათ გაიგონ: როგორ უნდა იმოქმედონ, თუ სურთ რომ კამპანიამ კარგი შედეგი გამოიღოს, და როგორ არ უნდა მოიქცნენ არავითარ შემთხვევაში. ექნებათ წვდომა, Facebook Ads-ისა და Google Ads-ის აკადემიის მასალებთან ქართულ ენაზე, ისწავლიან, როგორ გამოიყენონ Social Bakers ისე, რომ ამან სარგებელი მოუტანოს, გაიგებენ, თუ როდის აქვთ უკეთესი შანსი მომხმარებლამდე საკუთარი ხმა სწორად მიიტანონ, გაეცნობიან მყიდველობითი ციკლის ეტაპებს, თითოეულ ეტაპზე რა უნდა გაითვალისწინონ, რა იქნება მათთვის მომგებიანი. საბოლოოდ კი სტუდენტები მიხვდებიან, როგორ გამოიყენონ სოციალური მედია თავისი პროდუქტის რეკლამისთვის და ამის პრაქტიკაში განხორციელებასაც შეძლებენ,“ – განმარტავს გიორგი კენჭუაშვილი.
კურსი 3 მაისს დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სამომავლოდ კურსის განმეორებით ჩატარებაც იგეგმება.