
თბილისში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
13.09.2025; 11:30 საათი, ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი (წერეთლის N118) – 13 და 14 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“ წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლა.
გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ბელენ სანზ ლუკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 200-მდე მეწარმე ქალმა წარადგინა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და ადგილზევე შეეძინათ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი — საკვები, ღვინო, და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. მონაწილეთა შორის იყვნენ ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, უკრაინიდან ლტოლვილი მეწარმე ქალებიც. წელს გამოფენაზე კვლავაც აქცენტი გაკეთდა მწვანე პროდუქტებზე, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები.
გამოფენის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომლის მიმდინარეობისას საბანკო სფეროს წარმომადგენლები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), თიბისისთან, მიკრობანკ „კრისტალთან“, მიკრობანკ „ემბისისთან“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით ჩატარდა.
მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნინო ნატროშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 595 35 64 68, [email protected]