თაკო ჯაფარიძე BTU-ს მეწარმეობის ცენტრს უხელმძღვანელებს
BTU-ს მეწარმეობის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოზიციაზე თაკო ჯაფარიძე ნეობანკ Space-დან გადავიდა. ამბობს, რომ საქმიანობის სფერო, პრინციპში, არ შეუცვლია. თუ წინა სამსახურში მცირე და საშუალო ბიზნესებს არაფინანსური სერვისების განვითარებასა და განხორციელებაში ეხმარებოდა, ახლა მისი ფუნქცია სტარტაპების მხარდაჭერა, მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შექმნა და ზოგადად, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანაა.
„მეწარმეობის ცენტრი ახორციელებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა: სტარტაპ-სტატუსი სტუდენტებისთვის, პრე-აქსელერაცია ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, სხვადასხვა ტრენინგები თბილისსა თუ რეგიონებში, მეწარმეობაში წამყვანი სახელმძღვანელოს თარგმნა და სხვა. ჩემს ფუნქციებში შედის ამ პროექტების ინიცირება და მართვა, მეწარმეობის სწავლების პროცესში ჩართულობა, სტუდენტებთან, სტარტაპებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია“.
თაკო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და ამ პროცესში BTU-ს მეწარმეობის ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
„ჩვენი ცენტრი მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი „ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან“ პარტნიორობით ფუნქციონირებს. ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორც აკადემიურ რესურსებთან წვდომის, ისე საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს, გავაღრმავოთ კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გავუკეთოთ ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო, თუ სხვა ცვლილებებს. ვფიქრობთ, საქართველოში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემას აქვს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. BTU კი თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია იმ პროცესებში, რომლებიც ეკოსისტემის განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას ემსახურება.
ჩემთვის მთავარია, მაქსიმალურად დავიხარჯო იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები და აქტივობები, რასაც მეწარმეობის ცენტრში ვახორციელებთ, რეალურ შედეგებს დაადებინებს ჩვენს ბენეფიციარებს, იქნება ეს იდეის დახვეწის, ცოდნის გაღრმავების თუ დაფინანსების მოპოვების კონტექსტში“.