„საქართველოს ქალს“ BTU განახლებული ფორმატით გამოსცემს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი „საქართველოს ქალს“ განახლებული ფორმატით გამოსცემს. „საქართველოს ქალი“ – ეს გახლდათ ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრულ-ლიტერატურული გამოცემა, რომლის პირველი ნომერიც 1923 წლის სექტემბერში დაიბეჭდა.
„მთლიანად უნდა აღმოიფხვრას ყოფაცხოვრებაში ქალის არათანასწორი მდგომარეობის ნაშთები, შეიქმნას ყველა სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობა, რათა ბედნიერი დედობა შეხამებული იყოს ქალების სულ უფრო აქტიურ და შემოქმედებითს მონაწილეობასთან საზოგადოებრივ შრომასა და საზოგადო მოღვაწეობაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში,“ – ასეთი გახლდათ რედაქტორის წინასიტყვაობა გამოცემისა, რომელიც ამჯერადაც ქალთა გაძლიერების მიზნით გამოიცემა განახლებული ფორმატით.
BTU დაარსების დღიდან ზრუნავს ქალთა ტექნოლოგიების მიმართულებით გაძლიერებაზე და გამოცემის აღდგენაც სწორედ ამის ნაწილია. დღეს ICT-ში (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) არსებული დისბალანსი, რომლის აღმოფხვრასაც BTU აქტიურად ემსახურება, პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ICT-ში დასაქმებული თუ მეწარმე ქალების კრიტიკული დანაკლისია. უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ქალები სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს ქმნიან. ტექნოლოგიებში კი ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, რადგან ICT-ში არსებული სამუშაო ადგილების მხოლოდ 25%-ს იკავებენ ქალები. ამის მიზეზი არის მითი, რომ ბიჭები უკეთესად ითვისებენ STEM-ს, ვიდრე ქალები. ამ მითის არსებობას ხელს უწყობენ როგორც სკოლები, ისე უნივერსიტეტები.
მსგავსი დისბალანსის აღმოფხვრას ემსახურებოდა გამოცემა „საქართველოს ქალი“, რომელიც იმ პერიოდის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს ეხმაურებოდა, საზოგადოებაში ქალთა გაძლიერებას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. ამ გამოცემას ყველა ქალის ნამდვილ მეგობარს უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემა კონტროლს გადიოდა, ის მაინც ახერხებდა მართლაც ყველა ქალის მეგობარი ყოფილიყო, მათი საფიქრალი გაეზიარებინა და მოტივაცია მიეცათ, რომ ყველაფერი გამოუვიდოდათ.
15 წლის შემდეგ გამოცემაზე მუშაობა BTU-მ დაიწყო. უნივერსიტეტს უკვე დიდი გამოცდილება აქვს ქალთა გაძლიერებისთვის განხორციელებულ პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტი „500 ქალი ტექში“ და უკვე დასრულებული პროექტები და გადამზადების პროგრამები.
„500 ქალი ტექში“ მასშტაბური გადამზადების პროექტია, რომელიც BTU-ს ინიციატივით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შერჩეულ ბენეფიციართა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამ ეტაპად ხდება. რაც შეეხება პროექტს „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“, ის 3 წლის წინ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნდა, რომელიც გულისხმობს ქალების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც 6 თვიანი – სრული კურსი 250-მდე ბენეფიციარმა, ხოლო მოკლევადიანი ტრენინგები – 2500-ზე მეტმა ქალმა გაიარა. კურსის გავლის შემდეგ მათი დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით გამოცემა „საქართველოს ქალი“ მალე გამოიცემა და გააგრძელებს ტრადიციას, რომელსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი.