SYSTEM CORP. მანქანური ინტელექტის სტარტაპების აქსელერატორში NVIDIA Inception Incubator-ში მოხვდა
კომპანია SYSTEM CORP მანქანური ინტელექტის სტარტაპების აქსელერატორში NVIDIA Inception Incubator-ში მოხვდა. SYSTEM CORP მანქანური ინტელექტის (ხელოვნური ინტელექტის) კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობს სამედიცინო, საინჟინრო სფეროებში, ასევე საყოფაცხოვრებო და ლოჯისტიკურ თემებზე.
NVIDIA წარმოადგენს უმსხვილეს კორპორაციას, იმ ერთეულ კომპანიებს შორის, რომელთა უდიდესი როლი აკისრიათ დღევანდელი მანქანური ინტელექტის განვითარებაში. მათი ტექნოლოგიის გარეშე ვერ შეძლებდნენ Google, IBM, DeepMind, Facebook ისეთი ინტელექტუალური სისტემების ქონას, როგორიც დღეს აქვთ. მის მაღალგანზომილებიან ვექტორების გამოთვლაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას იყენებენ დღეს არა მხოლოდ ტექნოლოგიური გიგანტები, არამედ აკადემიური და კვლევითი ცენტრები, როგორიცაა: MIT, Stanford, Boston Dynamics, CERN და ა.შ.
სწორედ ამ მსოფლიო კორპორაციის სტარტაპ ინკუბატორში მოხვდა ქართული კომპანია SYSTEM CORP. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლი ლუკა ჩხეტიანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტია, მისი განმარტებით, კომპანია SYSTEM CORP. – მა 150 000 დოლარამდე ინვესტიცია მოიპოვა.
„NVIDIA-სგან მიღებული რამდენიმე ასეულ ათას დოლარიანი ინვესტიცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევეჭიდოთ აქამდე მიუღწეველ კვლევებს, რამდენიმე ათეული ტერაბაიტის მოცულობის მონაცემთა ბაზებს, და გამოვიყენოთ მათი უძლიერესი გამოთვლითი სისტემები სამედიცინო, საინჟინრო თუ საყოფაცხოვრებო კვლევებისათვის. დამატებით, გადმოგვეცა წვდომა ძალიან ძვირიან მენტორშიფ კურსებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ ჩვენი გუნდის წევრების განსავითარებლად, რათა მანქანური ენის დონეზე შევძლოთ მუშაობა, რაც შეუდარებლად სწრაფი, მოქნილი და აკურატული ინტელექტუალური სისტემების აგებაში დაგვეხმარება სამომავლოდ. მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და ელიტარულ მანქანურ ინტელექტის სტარტაპებს შორის მოხვედრა ძალიან დიდი ძალაა ჩვენი გუნდისათვის, როგორც აკადემიური თვალსაზრისით, ასევე მარკეტინგული და საიმიჯო გაგებითაც. ინკუბატორი ემსახურება კონკრეტულად მანქანური ინტელექტის ტექნოლოგიურად და ბიზნეს მხრივ შემდგარ სტარტაპებს, ანუ საკმაოდ ვიწრო სპექტრს. ეს ჩვენთვის კიდევ ერთხელ იყო ბაზარზე ერთგვარი “ვალიდაცია”, რადგან აქამდე მისასვლელად დაგვჭირდა ღრმად ჩაეხედა NVIDIA-ს ჩვენს ტექნოლოგიაში, კვლევებში, ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, კომპანიის კომერციულ საქმიანობაში,“ – განმარტავს ლუკა ჩხეტიანი.
SYSTEM CORP. 3 წელია, ქართულ ბაზარზე საქმიანობს. ამჟამად კომპანიის წევრების რაოდენობა 30-ია, მათი საშუალო ასაკი კი – 21 წელი. კომპანია მანქანური ინტელექტის კემპის თვალსაზრისით აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. სტუდენტები აქტიურად გადიან ინტენსიურ მოსამზადებელ კურსს, რის შემდეგაც ეძლევათ შესაძლებლობა SYSTEM CORP.-ში დასაქმდნენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ კომპანია SYSTEM CORP. -ში BTU-ს 4 სტუდენტი დასაქმდა და თავად ლუკა ჩხეტიანიც BTU- ს სტუდენტი გახდა.
ინკუბატორი ასევე მოიცავს კლიენტების მოძიებაში NVIDIA-ს თანადგომას და ინვესტორებთან დამეგობრებას, რაც დიდი ძალაა შემდეგი ნაბიჯებისათვის ბევრად დიდი ინვესტიციების მისაღებად.