“სტარტაპერი“ BTU-ს სტუდენტებისთვის სტარტაპკურსს იწყებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბასიზო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას “თიბისი ბანკის” პროგრამა “სტარტაპერი” სთავაზობს.
პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, რომელიც მარტში დაიწყება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, პირველ ეტაპზე „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) სტუდენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
სტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას – იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე. კურსის განმავლობაში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, შეხვდნენ წარმატებულ ადამიანებს, მიიღონ მათგან რჩევები/რეკომენდაციები და დაესწრონ ინსპირაციულ საუბრებს სტარტაპთემის გარშემო.
კურსის დასრულებისას, სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს სტარტაპიდეების შესახებ, გამარჯვებული გუნდი კი გაემგზავრება Startup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპღონისძიებაზე.
“სტარტაპერი” „თიბისი ბანკის“ პროგრამაა, რომლის მიზანია ქვეყანაში გაჩნდეს მეტი წარმატებული სტარტაპი. ერთი მხრივ, „თიბისი“ ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, ბანკი ინვესტიციას ახორციელებს მომავალში. პროგრამა სტარტაპერი „თიბისი ბანკის“ ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში სტარტაპგარემოს გაუმჯობესებაში.