სილიკონ ველი თბილისის კოორდინირებით საქართველოში სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამა იწყება
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში Agri/Bio/FoodTech ბიზნესაქსელერაციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შეარჩია ოთხი ორგანიზაცია, რომლებიც ბიზნესაქსელერაციის მომსახურებას გაუწევენ თანამედროვე აგრო, ბიო და სურსათის წარმოებაში ჩართულ ქალებსა და ახალგაზრდებს. აღნიშნული ოთხი კომპანია კონკურსის საფუძველზე შეირჩა. ესენი არიან: სილიკონ ველი თბილისი, იმფაქტ ჰაბ თბილისი, სტარტაპ ჯორჯია და სტარტაპ ბიურო.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელის ლუიზა ნამიჩეიშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ტექნოლოგიური პროექტების სიმწირეა და სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად განხორციელდება ბიზნესაქსელერაციის პროგრამა.
„21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ინოვაციებით გამორჩეულია. დღეს ტექნოლოგიურ გავლენას განიცდის ყველა სფერო და ეს შეეხო სოფლის მეურნეობასაც. საქართველოში კი, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური პროექტების სიმწირეა. სწორედ ამიტომ გვინდა ამ მიმართულების გააქტიურება. ვქმნით პრეცედენტს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში შეიქმნას სპეციალური ბიზნესაქსელერაციის პროგრამა. ის იმ საჭიროებებზეა მორგებული, რომლებიც დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობაში გვაქვს. აქტიურად ვიმსჯელებთ პრობლემებსა და ბარიერებზე, რომლებიც ამ სექტორში ჩართულ ადამიანებს აწუხებთ. იმ უნარების განვითარებაში დავეხმარებით, რომლებიც მათ საქმეს სჭირდება. ამ პროექტის ღირებულებას ზრდის ის ფაქტიც, რომ აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები და ქალები. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი, იფიქრონ ინოვაციურად და ინოვაციები სოფლის მეურნეობის სფეროშიც შემოიტანონ. ეს კი ძალიან საჭიროა დარგის განვითარებისთვის, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტული პროდუქტების შექმნისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს გახდება პროგრამა, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს,“ – განაცხადა ლუიზა ნამიჩეიშვილმა.
ბიზნესაქსელერატორების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რეგიონებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები. თითოეულ შერჩეულ ორგანიზაციას მომზადებული აქვს ბიზნესაქსელერაციის ინდივიდუალური პროგრამა. მათგან ერთ-ერთია სილიკონ ველი თბილისი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ქალ ბენეფიციარებს აღმოსავლეთ საქართველოში გადაამზადებს.
„ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. ჩვენი პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. პროექტის ხანგრძლივობა 10 თვეა და ის 2023 წლის აპრილში დასრულდება. სილიკონ ველი თბილისი დაფარავს აღმოსავლეთ საქართველოს და ჯამში 30 ბენეფიციარს 2 ეტაპად გადაამზადებს. ჩვენი პროექტის შესახებ მასშტაბური პრეზენტაცია კახეთში გაიმართება, სადაც ნებისმიერი მსურველი მიიღებს საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას. შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარების შერჩევა მოხდება. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია: ბიზნესს/სტარტაპს ჰყავდეს ქალი დამფუძნებელი; გვაქვს ასაკობრივი ზღვარიც: აპლიკანტები უნდა იყვნენ 18-დან 42 წლამდე. 3 კვირიანი ინტენსიური გადამზადების პარალელურად, მათ მენტორობის სპეციალურ პროგრამასაც შევთავაზებთ და წვდომას მივცემთ სპეციალურ სასწავლო მასალებზე. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან რეალურ შედეგებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა სილიკონ ველი თბილისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ანი ჭელიშვილმა.
სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის ანა ვაშაყმაძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო USAID-ს, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას და ამერიკელ ხალხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და მათი აქტიურობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასევე მინდა მივულოცო 4 გამარჯვებულ ორგანიზაციას, რომლებიც ბიზნესაქსელერაციის პროგრამას განახორციელებენ. საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემაში ამ დრომდე მსგავსი გამოცდილება არ გვქონია და მიხარია, რომ ეს პროექტი შედგა. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს და მხარს ვუჭერთ მათ. განვითარების სწორ გზაზე ვართ და მალე კარგ შედეგსაც მივიღებთ,“ – განაცხადა ანა ვაშაყმაძემ.
სილიკონ ველი თბილისის მსგავსად თითოეულ ორგანიზაციას მომზადებული აქვს ბიზნესაქსელერაციის ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს როგორც ტექნიკურ დახმარებას, ასევე მხარდაჭერას დაფინანსების წყაროების მოძიებაში.
სოფლის მეურნეობის ბიზნესაქსელერაციის პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდება.