საქართველოში Henley Business School-მა სამაგისტრო პროგრამის განხორციელება დაიწყო
მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთ-ერთმა უპირობო ლიდერმა, დიდ ბრიტანეთში პირველმა ბიზნესის სკოლამ Henley Business School, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოში უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება დაიწყო. სამაგისტრო პროგრამა Henley Flexible Executive MBA, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პირობებით გახდა ხელმისაწვდომი და ტოპმენეჯერებისთვისაა განკუთვნილი, მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში 33-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოში Henley Flexible Executive MBA პროექტის ხელმძღვანელის მანანა უგულავას განმარტებით, აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს შერეულ სასწავლო პროგრამას პროფესიონალებისთვის, რომელთაც უკვე მიაღწიეს მენეჯმენტში წარმატებას, ახლა კი სურთ დარგში უახლესი ცოდნის მიღება, მსოფლიოში არსებულ, გავლენიან ბიზნესწრეებთან კავშირების დამყარება და საერთაშორისო ბაზრებზე ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით მუშაობა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის საკმაოდ დიდი წარმატებაა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავხდეთ რეგიონალური საგანმანათლებლო ჰაბი და საერთაშორისო სტუდენტებიც მოვიზიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მსგავსი დონის სხვა სკოლებიც შემოვიდნენ. Flexible Executive MBA არის უნიკალური შანსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც რთულია ქვეყნის ხანგრძლივად დატოვება, ვისაც ჰყავს ოჯახი და ან აქვს სამსახური, რომელსაც დიდი ხნით ვერ ტოვებს. პროგრამის პირველი მოდული უკვე ჩატარდა დიდ ბრიტანეთში. ახლა კი ბრიტანელი პროფესორი საქართველოში ატარებს ლექციებს. ამ დროისთვის სტუდენტების შეფასებები ძალიან პოზიტიურია, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია,“ – განმარტავს მანანა უგულავა.
Henley Business School Flexible Executive MBA ხორციელდება სამ ეტაპად, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა – 10 თვე
* პირველ ეტაპზე ხდება ორგანიზაციის შიდა პროცესების შესწავლა ადამიანურ და ფინანსურ რესურსზე ფოკუსირებით;
* მეორე ეტაპზე ხდება ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების სწავლება: საერთაშორისო გარემოს ანალიზი, სტრატეგიული მენეჯმენტი, სტრატეგიული მარკეტინგი, ორგანიზაციული რეპუტაციისა და პასუხისმგებლობის მართვა;
* ბოლო, მესამე ეტაპზე ხდება ლიდერობისა და ცვლილებების შესწავლა, რაც გეხმარებათ სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებაში.
საქართველოში ლექციების ჩასატარებლად ჰენლის უნივერსიტეტიდან, ბრიტანეთის კამპუსიდან პროფესორი ფრენსის ფარუგია ჩამოვიდა. ის უკვე 20 წელია ჰენლის ლექტორია და ამჯერად ქართველ სტუდენტებს მენეჯმენტს ასწავლის.
„ორდღიანი ვორქშოპი ჩავატარეთ მენეჯმენტში. ამ ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ, ორგანიზაციებმა როგორ უნდა განახორციელონ მენეჯერული ოპერაციები, რომ წარმატებას მიაღწიონ, მომხმარებლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, ეფექტურობა გაზარდონ. რამდენიმე შემთხვევა განვიხილეთ როგორც ჩვენი სტუდენტების კომპანიებიდან, ისე საერთაშორისო გამოცდილებიდან,“ – განმარტავს ფრენსის ფარუგია.
Henley Flexible Executive MBA ის ერთ-ერთი სტუდენტი, ნანა მჟავანაძე, LTD TG Hotel and Restourant Tbilisi Management-ის გენერალური მენეჯერია. ის ასევე არის LTD Yard-ის დამაარსებელი.
„ამ პროგრამის უნიკალურობა, მისი განსაკუთრებულად მაღალი დონის გარდა, საოცარ მოქნილობაში გამოიხატება. ის საშუალებას გვაძლევს, მუშაობის პარალელურ რეჟიმში გავაგრძელოთ სწავლა. ჰენლი საკმაოდ დიდ საკონტაქტო ქსელს გვთავაზობს, რაც, ასევე, მეტად მნიშვნელოვანია. ჰენლის კურსდამთავრებულების ასოციაცია დიდი და საინტერესო ქსელია,“ – განმარტავს ნანა მჟავანაძე.
Henley Business School Flexible Executive MBA პროგრამა დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის, რეიტინგით #3 პოზიციაზეა. Henley Business School არის ერთერთი იმ 75 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია: AACSB, EQUIS, AMBA.
საუნივერსიტეტო რეიტინგების ცვალებადობის მიუხედავად, ჰენლი მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, ისეთ სარეიტინგო სისტემებში როგორებიცაა Financial Times, The Economist, The Guardian და სხვა. პროგრამის სტრუქტურის მოქნილობა და მისი თავსებადობა სამუშაოსთან, ჰენლის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და პრაქტიკაზე ორიენტირი, უპრეცედენტოდ დაბალი ფასი სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით, მოდულების სხვადასხვა კამპუსებში გავლის შესაძლებლობა, მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა, გამოარჩევს ჰენლის ბიზნესის სკოლას მსოფლიოში.
ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა. ის მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, მისი კურსდამთავრებულები კი მსოფლიოს მეგაკორპორაციებში, ტოპ მენეჯერების პოზიციებს იკავებენ.