საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ერთიანდება, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სრული წევრი გახდა
საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ერთიანდება, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი გახდა. საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია პირველია რეგიონიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელიც ასოციაციის კოლექტიური წევრია.
გადაწყვეტილება EUA-ს მმართველმა საბჭომ ერთხმად მიიღო. ასოციაციის წევრობას წინ უსწრებდა ხანგრძლივი და რთული შესარჩევი პროცესი, რომლის შედეგადაც დადასტურდა, რომ საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია არის დამოუკიდებელი და ქმედითი ერთეული.
EUA-ში ევროპის 47 ქვეყნის 850-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი და რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციაა გაერთიანებული. ეს სივრცე იძლევა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო შესაძლებლობებს. EUA დიდ გავლენას ახდენს ევროპის ერთიანი უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სივრცის და ზოგადად, ევროგაერთიანების საგანმანათლებლო პოლიტიკის ფორმირებაზე. შესაბამისად, საქართველოს პოზიციების გაძლიერება ამ მეტად მნიშვნელოვან ევროპულ ასოციაციაში ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში და დაეხმარება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბურ ჩართულობას ბოლონიის პროცესში.