რექტორის მიმართვა
რექტორის მიმართვა
ძვირფასო სტუდენტებო და ლექტორებო,
გაცნობებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მზად არის. ვაცნობიერებთ შექმნილ ვითარებაში ჩვენს პასუხისმგებლობას და მინიმუმამდე დავიყვანთ ყველა დისკომფორტს, რაც შესაძლოა მოყვეს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.
ამ ეტაპზე, სრულად მობილიზებულია ჩვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, გამართულია ცხრილი, სასწავლო მასალები, ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი. მზადდება სტუდენტისა და ლექტორის დამხმარე ინსტრუქციები, როგორც წერილობით, ასევე ვიდეო ფორმატში. წარმატებით მიმდინარეობს დისტანციური ლექცია/სემინარების დემო რეჟიმში ტესტირება. დისტანციური სწავლება განხორციელდება ჰიბრიდული მოდელით. სემესტრული აქტივობები, რომელთა განხორციელება შეუძლებელია ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური და პროგრამული რესურსების გამოყენების გარეშე, ჩატარდება უშუალოდ ბტუ-ში. სხვა შემთხვევაში, აქტივობები წარიმართება დისტანციურად. სტუდენტებს შესაძლებლობა გექნებათ ლექციის მიმდინარეობისას ჩაერთოთ ონლაინ და გქონდეთ სრული ინტერაქციის შესაძლებლობა. პარალელურად, ლექციის ჩანაწერები განთავსდება ელექტრონულ პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის BTU Classroom-ის საშუალებით. უმოკლეს დროში, თქვენ მიიღებთ დეტალურ აღწერას პროცესთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის შესახებ.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი მსგავსი მასშტაბით საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში პირველად განხორციელდება, ვითვალისწინებთ ალბათობას რომ საწყის ეტაპზე შესაძლოა გვქონდეს მცირე ხარვეზები. პროცესის შეუფერხებლად განსახორციელებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა, მათ შორის, დაუყონებლივ ინფორმირება რამე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, სწრაფი რეაგირების მოსახდენად. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, პროცესებში ინოვაციების და ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირებით, ღირსეულად შევხვდებით ამ გამოწვევას და სემესტრი წარიმართება შეუფერხებლად და უსაფრთხოდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სემესტრს!
ნინო ენუქიძე
რექტორი