რას უნდა მოიცავდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგია საქართველოში? – პანელური დისკუსია BTU-ში
ციფრული მმართველობასა და ხელოვნური მმართველობის დანერგვაზე მუშაობა ბოლო პერიოდში მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში აქტიურად დაიწყეს. ზოგიერთ სექტორში მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებს უკვე იყენებენ, ხოლო ზოგიერთში ისევ იმპლემენტაციის პროცესშია.
ხელოვნური ინტელექტის მთავარი უპირატესობა სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაა, თუმცა მას ახლავს გარკვეული გამოწვევებიც, რომლებზეც სპეციალისტები აქტიურად მსჯელობენ. სწორედ აღნიშნულ საკითხებს შეეხო „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ გამართული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და საჯაროს სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თეა სამჭკუაშვილმა. პანელური დისკუსიის მოდერატორი BTU-ს ახლად აკრედიტებული სადოქტორო პროგრამის – „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია იყო.
პანელურ დისკუსიას წინ უძღოდა გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის (unicri) ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძისთვის BTU-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ბერიძე წოდებით საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის დანერგვისა და BTU-ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა. ამასთან, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, მოესმინა მისი მასტერკლასი ხელოვნური ინტელექტის ისტორიის, მის განვითარების, გამოწვევებისა და სამომავლო პროგნოზების შესახებ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა BTU-ში შექმნილი სადოქტორო პროგრამისა და ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის დანერგვის პროცესში აკადემიური, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე.
პანელური დისკუსიის მთავარი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის სტრატეგია და რა პრიორიტეტული მიმართულებები უნდა აირჩიოს ქვეყანამ.
unicri-ს ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის განცხადებით, ქვეყნები ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიას თავიანთი პრიორიტეტების მიხედვით სახავენ.
„მაგალითისთვის დიდი ქვეყნები ყველა სფეროში ხედავენ პრიორიტეტებს და ინვესტიციებს შესაბამისად ახორციელებენ უფრო პატარა ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა უფრო კონკრეტული პრიორიტეტების ჩამოყალიბება, თუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და რაში უნდა განხორციელდეს ინვესტიცია.
აღნიშნული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ტექნოლოგიის სწორი გამოყენებით, რათა შედეგი მივიღოთ პრობლემების გადაწყვეტისთვის და არა მათ შესაქმნელად. ძალიან საინტერესო მაგალითია მართლმსაჯულების საკითხები, სადაც მოსამართლეებს ათასობით ერთნაირი ქეისი აქვთ და მათი გადაჭრა ტექნოლოგიების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, თუ ჩანაცვლდება პროცესები, რათა სხვა უფრო რთული საქმეების განხილვა სწრაფად მოხდეს, მეორე მხრივ კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ მოხდეს სამუშაო ადგილების დაკარგვა,“ – განმარტა მან.
ირაკლი ბერიძის თქმით, უნდა დაისახოს სტრატეგიაც იმისათვის, რომ სისტემების მიერ ჩანაცვლებული ადამიანები სხვა მიმართულებით დასაქმდნენ და აღნიშნულმა პროცესმა პრობლემა არ გამოიწვიოს.
„რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს უკვე აღნიშნული სტრატეგიის შემქმნელების გადასაწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოება საქართველოს მსგავსი და ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მივაქცევდი ყურადღებას, ასევე, ტურიზმის ქვეყანა ვართ და ესეც მნიშვნელოვანია და არსებობს კიდევ სხვა პრიორიტეტული სფეროებიც,“ – აღნიშნა მან.
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზეც, რაც აღნიშნულ პროცესში იკვეთება და მათი გადაჭრის გზებზეც:
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არ დაინახოს საფრთხე ამაში და არ იგრძნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკარგავს ფუნქციას, ამისთვის ხელი უნდა შეუშალოს განვითარებას და არა ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. პირველ რიგში, ალბათ საზოგადოებისთვის ეს არის ასახსნელი და შემდეგ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ის პრიორიტეტული მიმართულებები, სადაც მეტი შესაძლებლობები აქვს, გარდა იმ ტრადიციული მიმართულებებისა, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორებია, იქნება ეს ენერგეტიკა, ტურიზმი, ლოგისტიკა თუ სხვა,“ – განმარტა მან.
ასევე, დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელობაზეც:
„დღევანდელ მსოფლიოში ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად ლაგდება, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომლებიც ახლა უკრაინაშია. საქართველო სხვა ფუნქციას იძენს და ხელოვნური ინტელექტი მისწრება იქნება ამ შემთხვევაში, რომ ვიზრუნოთ როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე, მეორე მხრივ, განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს წამყვან სექტორებში, მაგალითად ტურიზმში,“ – განმარტა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, კვლევები, რომლებიც BTU-ს სადოქტორო პროგრამის მეშვეობით კომიტეტს მიეწოდება, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიის შექმნაში.
როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა თეა სამჭკუაშვილმა პანელური დისკუსიის დროს განმარტა, მნიშვნელოვანია, ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დაინერგოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს:
„ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საჯარო და კერძო, ისე აკადემიური სექტორის ჩართულობასაც, რაც შედეგს უფრო ხელშესახებს გახდის. ალბათ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მმართველობა და მმართველობით პროცესში მიმდინარე პროცესები თანამედროვე გამოწვევებს უნდა პასუხობდეს სწორედ იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რაც პროცესს გახდის უფრო ჯანსაღს და ასევე, ეკონომიურობა-ეფექტიანობის კომპონენტს დააკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, მათი დანერგვის მზაობა და სურვილი არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც.
შესაბამისად, სამუშაო ნამდვილად ბევრია და იმ კვლევებს, რომლებიც BTU-ს სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ეს არის ხოლმე ის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება საჯარო უწყებებმა მიღებული შედეგები უფრო ეფექტიანი გახადონ,“ – განმარტა თეა სამჭკუაშვილმა.
ხელოვნური ინტელექტის დანერგვისა და მისი ინოვაციური გადაწყვეტების მაგალითები საქართველოში უკვე არსებობს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, ორი ასეთი სტარტაპი ჩვენს ქვეყანაში უკვე შეიქმნა და ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო ასპარეზზეა, მეორით კი ინვესტორები აქტიურად არიან დაინტერესებულები.
„ერთია, რომ დღეს უკვე არსებობს ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული გადაწყვეტები და მათი გამოყენებაც შეიძლება საინტერესო იყოს გარკვეულ სფეროებში, მაგრამ მეორეა, ჩვენ თვითონ შეგვიძლია თუ არა, შევქმნათ ხელოვნური ინტელექტის ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც ჯერ არ არის გამოყენებული და ვიყოთ უფრო ეფექტიანები.
სტრატეგია ნამდვილად საჭიროა, ბევრი რისკი უნდა ჩამოიწეროს და განისაზღვროს. მნიშვნელოვანია, როგორ ვუპასუხებთ მათ, რადგან გარკვეული სამუშაო ადგილები გაუქმდება, ეს აუცილებლად ასე მოხდება და უნდა ვიფიქროთ, რა ახალი შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს ამ ადამიანებისთვის. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება უფრო მომზადებულები შევხვდეთ ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელიც მთლიანად შეცვლის მიდგომას ყველაფრისადმი და, რა თმა უნდა, გაეროს და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ძალიან საინტერესო იქნება. უნდა შევეცადოთ, რომ გარკვეული ნიშა დავიჭიროთ,“ – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ გააგრძელებს ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის საჯარო სექტორში დანერგვის კუთხით აკადემიურ მუშაობასა და სპეციალისტებთან აქტიურ თანამშრომლობას.