რადიო თავისუფლების ჰაკათონში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა გაიმარჯვა
რადიო თავისუფლების ორგანიზებით მოეწყო ჰაკათონი რადიო თავისუფლების მასალებზე დაყრდნობით ჩეთბოტის შესაქმელად, რომელშიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის საბა ლანჩავას გუნდმა გაიმარჯვა. ჰაკათონში 11 გუნდი და საერთო ჯამში 35 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. გამარჯვებული ჩეთბოტი, რომელიც ყველაზე საინტერესო და სრულყოფილი აღმოჩნდა, სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული საბა ლანჩავა მის ორ თანაგუნდელთან აკაკი თითბერიძესა და გიორგი შუბლაძესთან ერთად რადიო თავისუფლებაში გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას და იმუშავებს რადიო თავისუფლების ჩეთბოტის ფრიდას განვითარებაზე. მათ ამავდროულად გადაეცათ ფულადი ჯილდო 8 000 ლარის ოდენობით.
როგორც საბა ლანჩავა განმარტავს, ფინალი მეტად დაძაბული იყო და მწვავე კონკურენცია იგრძნობოდა, თუმცა მათ მიერ შექმნილი ბოტი კონკურენტებისგან მართლაც გამორჩეული იყო.
„ჰაკათონის ფარგლებში მოცემული იყო 6 აქტუალური და 1 თავისუფალი თემა. ჩვენთვის ყველაზე მისაღები უნდა აგვერჩია და გვემუშავა მასზე. ასევე, გვქონდა პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც უნდა გვეხელმძღვანელა. მაგალითად, უნდა ყოფილიყო თემასთან ახლოს და ბოტს უნდა ქონოდა ხასიათი. ამისთვის 48 საათი გვქონდა მოცემული. ჩვენს ჩეთბოტს სხვებისგან განსხვავებით ხასიათი ჰქონდა. ის არ პასუხობდა სავარაუდო პასუხებს და იცოდა თითქმის ყველა შესაძლო თემატურ კითხვაზე პასუხი. ის ასევე ფლობდა გარკვეულ ჟარგონებს, იძახდა სადღეგრძელოებს, ლექსებს, აფორიზმებს, თამაშობდა ჭადრაკს და ჯეირანს. ჰქონდა რამოდენიმე ჰობი, უსმენდა ჰიპ-ჰოპს, საუბრობდა არჩევნებზე და კონკრეტულად არჩევნები 2020-ზე, რაც ჩვენი მთავარი თემა იყო. ყველაზე მთავარი, რაც გამარჯვებაში დაგვეხმარა ის იყო, რომ ვიპოვეთ buG, რომლის დახმარებითაც პლატფორმაზე შევქმენით always true ფუნქცია. აღნიშნული ორაგნიზატორებს ძალიან გაუკვირდათ და აღფრთოვანდნენ,“ – განმარტავს საბა ლანჩავა.
ჰაკათონის მსვლელობისას მოეწყო რამდენიმე ჩექფოინთი, რომლის დროსაც გუნდების პროგრესი შეფასდა. მონაწილეებს პროექტზე მუშაობისას რჩევები მისცეს და დაეხმარნენ მენტორები.