ქეისი განიხილავს სიტუაციებს, სადაც ახალ თანამშრომლებს მეტი სპეციალიზებული ცოდნა აქვთ, ვიდრე უფროსებს. სტრატეგიული და ტაქტიკური მიდგომები ცოდნის გაზიარების პროცესში ხელს უწყობს გუნდურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას
როგორ მოიქცე, როცა უფროსზე მეტი იცი
ბიზნესში პირველი რამდენიმე წელი ხშირად გულისხმობს, რომ ახალი თანამშრომლები ეჩვევიან ახალ წესებს, სამუშაო გარემოს და იძენენ ახალ უნარებს. ამ პერიოდში ხშირად გვიწევს უფროსებისგან სწავლა, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ახალ თანამშრომლებს სპეციალიზებული ცოდნა და უნარები აქვთ, რაც შეიძლება უფროსს არ ჰქონდეს. ასეთ სიტუაციებში საჭიროა ფრთხილი და თავდაჯერებული მიდგომა, რათა თავაზიანად და თანმიმდევრულად გააზიაროთ თქვენი ცოდნა ისე, რომ არც ერთ მხარეს არ მოეჩვენოს, თითქოს საკუთარ თავზე ზედმეტად კარგს ფიქრობთ.
ქვემოთ მოცემულია სამი ძირითადი სცენარი, სადაც შესაძლოა უფროსზე მეტი ცოდნა გქონდეთ და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ცოდნა პოზიტიურად, თანამშრომლობისა და თავმდაბლობის პრინციპებზე დაყრდნობით.
- სპეციალიზებული უნარები ან ცოდნა
ახალგაზრდა პროფესიონალების თაობა ხშირად ცნობილია, როგორც “ციფრულ ეპოქაში დაბადებული თაობა,” (digital natives) რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თაობის წარმომადგენლებს აქვთ ციფრული პლატფორმებისა და ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა. ეს ხშირად განაპირობებს, რომ ახალგაზრდებმა შეიძლება უკეთესად იცოდნენ ის ინსტრუმენტები, რომლებიც უფროსებმა ზრდასრულ ასაკში ისწავლეს. მაგალითად, თქვენ შეიძლება კარგად იცოდეთ სოციალური მედიის ტენდენციები, ალგორითმები და აუდიტორიის ჩართულობის პრინციპები, რაც თქვენი გუნდის ან კომპანიის წარმატებას შეუწყობს ხელს.
როგორ გააზიაროთ თქვენი ცოდნა
როდესაც გაქვთ იდეა ან ხედავთ, რომ პროექტი შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მნიშვნელოვანია საუბრისას გამოიყენოთ შეკითხვების დასმის ტაქტიკა და გამოიჩინოთ თავმდაბლობა. მაგალითად, თუ თქვენი მენეჯერი გთხოვთ ისეთი შინაარსის შექმნას, რაც გგონიათ, რომ არ შეესაბამება აუდიტორიის ინტერესებს, შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა: „ძალიან საინტერესო მიდგომაა, რა არის ამ სტრატეგიის საფუძველი?“ შემდეგ კი, თუ კვლავ ფიქრობთ, რომ უკეთესი გამოსავალი არსებობს, შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალი იდეა: „ხომ არ განვიხილოთ [თქვენი იდეა]?“
ასეთ მიდგომას აქვს ორმაგი სარგებელი: ან თქვენს იდეას მიიღებენ, ან სხვა პერსპექტივით დაინტერსდებით და კომუნიკაციის უნარებს გაიუმჯობესებთ. ამავე დროს, შეგიძლიათ შესთავაზოთ მენეჯერს ახალი ტექნოლოგიის ან პლატფორმის დემონსტრაცია, რაც გუნდს დაეხმარება უკეთ მუშაობაში. ასეთ შემთხვევაში თქვენი მიზანი იქნება თანამშრომლობა და არა უბრალოდ თქვენი ცოდნის გამოვლენა.
- ინდუსტრიის ტენდენციები და ინოვაციები
თუ ცოტა ხნის წინ დაამთავრეთ უნივერსიტეტი ან გაქვთ ინტერესი ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების მიმართ, შესაძლოა მეტი იცოდეთ უახლესი ინოვაციების შესახებ. უფროსებს, მიუხედავად მათი გამოცდილებისა, შეიძლება არ ჰქონდეთ ყოველდღიური შეხება ყველა სიახლესთან ამ სფეროში და აქ თქვენი ცოდნა და ინფორმაცია სასარგებლო იქნება. თუმცა, უნდა იცოდეთ, როგორ გააზიაროთ ეს ინფორმაცია ისე, რომ ზედმეტად თავდაჯერებული არ გამოჩნდეთ.
როგორ გააზიაროთ თქვენი ცოდნა
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ცოდნა წარადგინოთ, როგორც რესურსი მთელი გუნდისთვის. მაგალითად, თუ გაიცანით ახალი ტენდენცია ან ტექნოლოგია, შეგიძლიათ გაგზავნოთ გუნდში შემდეგი ტიპის შეტყობინება: „ეს სტატია წავიკითხე და ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.“ ასე თქვენ აჩვენებთ ინიციატივასა და თანამშრომლობის სურვილს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ შესთავაზოთ გუნდს პრეზენტაცია ან მოკლე შეჯამება ახალი ტენდენციების შესახებ, თუ მენეჯერი თანახმა იქნება. ეს გაძლევთ საშუალებას, დაამტკიცოთ თქვენი ცოდნა და დაეხმაროთ გუნდს ახალ იდეებზე ფიქრში.
- ლიდერობის უნარები
მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ხართ, შესაძლოა უკვე გქონდეთ გარკვეული ლიდერობის გამოცდილება, მაგალითად, თუ ხელმძღვანელობდით პროექტებს ან გუნდებს უნივერსიტეტში ან წინა სამსახურში. ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია და სწორ კონტექსტში მისი ჩვენება შეიძლება სასარგებლო იყოს გუნდურ პროცესებში.
როგორ გააზიაროთ თქვენი ცოდნა
თუ ხედავთ, რომ შეგიძლიათ ლიდერობის უნარები ეფექტიანად გამოიყენოთ გუნდში, კარგი იქნება, თუ ამ ცოდნას პრაქტიკაში აჩვენებთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას. მაგალითად, თუ ახალ პროექტზე მუშაობთ, შეგიძლიათ თქვათ: „წინა პოზიციაზე ლიდერობის უნარების გამოყენება მჭირდებოდა და, ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ პროექტისთვის.“
ეს მიდგომა აჩვენებს, რომ თქვენი ლიდერობის გამოცდილება შესაძლოა ფასეული იყოს, თუმცა ეს არ იქნება თქვენი მენეჯერის უნარების უგულებელყოფა. უფრო მეტიც, ამგვარი მიდგომა აჩვენებს, რომ მზად ხართ სასწავლად და მზად ხართ გუნდური ინიციატივების განსახორციელებლად.
დასკვნა
ახალგაზრდა პროფესიონალებს ხშირად აქვთ ახალი პერსპექტივები და სპეციალიზებული ცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გუნდურ დინამიკასა და პროექტების შედეგებს. თუ ამ ცოდნას თავმდაბლობით და თანამშრომლობის სურვილით გააზიარებთ, შეძლებთ ხელი შეუწყოთ პოზიტიური და ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც ყველა მხარე მიიღებს კარგ შედეგებს და პატივს სცემს ერთმანეთის ცოდნასა და გამოცდილებას.
წყარო: Harvard Business Review