ქართველმა მოსწავლეებმა BTU-ში გამართულ პროგრამირების საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსწავლეთა შორის საერთაშორისო პროგრამირების ღია ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ფინალი მსოფლიოს 6 ქალაქში პარალელურად მიმდინარეობდა და საერთო ჯამში 255 გუნდი მონაწილეობდა.
ფინალში გასული გუნდები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან სპეციალურად ჩემპიონატისთვის თბილისში ჩამოვიდნენ და საერთო ჯამში საქართველოში 18 გუნდი ასპარეზობდა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის გიორგი ბასილაიას განმარტებით, ფინალური შეჯიბრი 5 საათი გაგრძელდა და საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„პირველი ოთხ ადგილზე გასულ გუნდს ოქროს მედლები გადაეცათ, შემდეგ ოთხზე -ვერცხლი და შემდეგ ოთხს – ბრინჯაო. ქართული გუნდი მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევა და წარმატებაა. გუნდებს 13 ამოცანა ჰქონდათ ამოსახსნელი. ვინც მეტ ამოცანას ამოხსნიდა ნაკლებ დროში, ის გახდებოდა გამარჯვებული. გარდა ამისა არასწორად ამოხსნილ ამოცანაზე ქულა აკლდებოდა გუნდს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქულებს მონაწილეები ლაივ რეჟიმში ხედავდნენ, რაც სტრესსა და დაძაბულობას მატებდა. საბოლოოდ, ქართველებმა საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლეს. საკმაოდ ძლიერი ბავშვები არიან და სამომავლოდაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. აღნიშნული ჩემპიონატი კი ამაში დიდად დაეხმარება,“ – განმარტავს გიორგი ბასილაია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ოლიმპიადა ყოველწლიურად სტუდენტებს შორისაც ტარდება და ამ მიმართულებითაც ქართველ სტუდენტებს საკმაოდ კარგი შედეგი აქვთ. სტუდენტური ოლიმპიადის ფინალში გასვლა ავტომატურად წარმატებულ კარიერას ნიშნავს.