პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარების დასაქმება აქტიურ ფაზაში შედის
პროექტის “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ბენეფიციარების დასაქმება აქტიურად მიმდინარეობს.
„კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ გახლავთ BTU-ს ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა გასული წლის ნოემბერში, რომლის ფარგლებშიც 333 ბენეფიციარი სრული დაფინანსებით გადამზადდა.
პირველ ეტაპზე გადამზადებული ბენეფიციარებისთვის გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელშიც 35 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. საერთო ჯამში მათ 100-ზე მეტი ვაკანსია წარადგინეს. თუმცა გადამზადებული ბენეფიციარების დასაქმება აღნიშნულით არ შემოიფარგლება და ეს პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაასაქმონ ქალები დამწყებ პოზიციაზე შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტის, Back-End დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ბენეფიციარებს გავლილი აქვთ ტექ.ინგლისურის კურსი.
ამჟამად BTU-ს მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ბენეფიციარების გადამზადება პარალელურად, პროექტის მესამე ეტაპზე მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან 40 წლამდე ქალებს საქართველოს ნებისმიერი მუნიციპალიტეტიდან გარდა 5 თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი.)
პროექტი ,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი ქალებისთვის არის განკუთვნილი და მასში მონაწილეობას ჯამში 1500 კანდიდატი მიიღებს.
პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.
ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების გენდერული დისბალანსი საკმაოდ დიდია მსოფლიო მასშტაბით. Forbes-ის ინფორმაციით, 2023 წელს ტექნოლოგიური კომპანიების მმართველი მენეჯერების მხოლოდ 15% გახლდათ ქალი. მათივე ცნობით, საინფორმაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების 26%-ია ქალი. ინჟინერიაში კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და ის 16%-ს უტოლდება. საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა 2022 წელს დაიწყო მასშტაბური პროექტი „500 ქალი ტექში“, რომლის ფარგლებშიც საბოლოოდ 1500-ზე მეტი ქალი გადამზადდა სრულიად უფასოდ, ტექნოლოგიების მიმართულებით.
მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტს ,,კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის’’ USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის თანადაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს. BTU-ს წამოწყება ითვალისწინებს არა მხოლოდ ბენეფიციარების გადამზადებასა და მათ დასაქმებაში მხარდაჭერას, არამედ რეგიონებში, შერჩეულ სკოლებში სასწავლო და სატრენინგო კომპიუტერული სივრცეების მოწყობასა და სხვა ინიციატივების განხორციელებას.