ფინანსური ცნობიერების ამაღლება
სამეწარმეო განათლების გავრცელება და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მოზარდებში ცნობიერების ამაღლება – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია,ეროვნული ბანკი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ.
პროექტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტი მიზნად ისახავს თბილისსა და რეგიონებში ფინანსური და სამეწარმეო განათლების გავრცელებას და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ მაღალი კლასის მოზარდებში ცნობიერების ამაღლებას.
,,ფინანსური განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ ფინანსური სექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომკისთვის. ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწვეტილების მისაღებად, მათ შორის ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში. ფინანსური ინსტიტუტები კი იღებენ ინფორმირებულ მომხმარებლებს, რაც მათთვის შემცირებულ რისკებს გულისხმობს. სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს. სწორედ ამიტომაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროექტს რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის’’ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ,,მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის’’ ფარგლებში თბილისისა და რეგიონების სკოლებიდან 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენენ ლექციას თემაზე ,,ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე’’.
”ჩვენი მიზანია ფინანსური ცნობიერების ამაღლება, რაც უფროსკლასელებში საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსმენილი ლექცია მოსწავლეებს ფინანსური კომპეტენციის ამაღლებაში დაეხმარება.” – აღნიშნა ამბები. გე თან საუბრის დროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროექტის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე გაგრძელდება.