ნინო მიქავა
ნინო მიქავა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების აფილირებული ასოცირებული პროფესორი და ხელმძღვანელობს ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი) საბაკალავრო პროგრამას. წლებია, ნინო მიქავა აქტიურ პედაგოგიურ და პროფესიულ საქმიანობას ეწევა. არის ჯანდაცვის მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია HEMACO-ს დამფუძნებელი და დირექტორი, კაიზენის ინსტიტუტის კონსულტანტი. მას აქვს სადაზღვევო და ჯანდაცვის ინდუსტრიების უმაღლეს რგოლში მმართველ პოზიციებზე მენეჯერობის 22-წლიანი გამოცდილება, არის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი.
იგი აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, არაერთი სამეცნიერო ვორკშოპის, სემინარის მონაწილე, 20-მდე პროფესიული განვითარების საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე და მკვლევარი.
ნ. მიქავა ბტუ-ს ციფრული მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: „საქართველოს სამედიცინო პროვაიდერული სექტორის შეფასება ციფრული ჯანდაცვის სტრატეგიის ეფექტიანად დანერგვის კონტექსტში“.
ბტუ-ს ციფრული მმართველობის სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ნინო მიქავას სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის კონცეპტუალური დოკუმენტის თანა-ავტორობა ჯანდაცვის მიმართულებით;
ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება;
მას აქვს 5-წლიანი გამოცდილება ტელემედიცინის სფეროს კვლევის, ტრენინგებისა და კონსულტირების მიმართულებით. ისრაელის საელჩოს დაფინანსებით ჩატარებული აქვს ტელემედიცინის საპილოტე კვლევა საქართველოში. ტელემედიცინის კომპანია „ექიმო“-სთან პარტნიორობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში მის მიერ დატრენინგდა 400 ექიმი და დაგეგმილია 1200 ექიმის ტრენინგი ტელემედიცინის საფუძვლებში.
საერთაშორისო კონფერენციებზე ყოველწლიურად წარადგენს ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით ჩატარებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს.
მთავარი მკვლევრის როლში მონაწილეობდა დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ დაფინანსებულ ორ კვლევით პროექტში, რომლებიც აქცენტირებული იყო დიაბეტის ეფექტურად მართვისთვის ციფრული ტექნოლოგიების როლისა და საჭიროების შეფასებაზე.
მიმდინარე ეტაპზე იკვლევს ჯანდაცვის სისტემაში ტექნოლოგიების გავლენასა და ხარჯთეფექტურობას არაგადამდები დაავადებების მართვის ჭრილში.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ნინო მიქავას სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში (ვესტფალიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია), ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა (ლატვია)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით;
- ევროპის მარკეტინგისა და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება ქალაქ ბუქარესტში (რუმინეთი).