NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას, რომელიც BTU-ს და NCURA-ს ორგანიზებით გაიმართა, ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი დაესწრო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ინიციატივის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და უკრაინის აკადემიურ ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის გაძლიერება, ცოდნისა და რესურსების გაზიარება, სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და აშშ-ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
ღონისძიების გახსნით ნაწილში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ინიციატივის მიზანი გააცნეს შემდეგმა მომხსენებლებმა:
- ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
- კრისტოფერ ჯ. ანდერსონი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე
- არა ტამასიანი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელი, კვლევების მიმართულებით უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი
- ტიმოთი ბლაუველთი, ამერიკული საბჭოების სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი
- ქეთლინ ლარმეტი, NCURA-ს აღმასრულებელი დირექტორი
- კლერ ჩენი – NCURA-ს გლობალური თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელი
„ჩემთვის დიდი პატივია, ოფიციალურად გავხსნა ინიციატივა და მისი პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს კვლევები და ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია NCURA-ს ინიციატივის განხორციელება, რადგან ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 60 წელზე მეტია საკუთარი ინტელექტუალური თუ სხვა რესურსების საშუალებით აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს კვლევის ადმინისტრატორთა პროფესიის განვითარებას, განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, თანამშრომლობითი გლობალური საზოგადოების განვითარების გზით.
მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კოლაბორაციული პლატფორმები, რომლებიც რეგიონში კვლევითი შესაძლებლობების განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს. NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივაც, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და აშშ-ს საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭოს (NCURA) ერთობლივი პლატფორმაა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილის მქონე ადამიანებს დააკავშირებს. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის განვითარებასა და ბიზნესისა და ეკონომიკის ზრდაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკარაინაში; ეს ყველაფერი განხორციელდება ტრენინგებისა და ვორქშოპების სერიის, ასევე გამოცდილების გაზიარების სხვა ეფექტური გზების საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია NCURA-ს ხელმძღვანელობითა და კოორდინირებით. საერთო მიზნის მისაღწევად თითოეული ქვეყნიდან მკვლევრები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შეიკრიბებიან, რომლებიც საერთო პრიორიტეტებს გამოკვეთენ და კონკრეტულ სამუშაო გეგმას შეიმუშავებენ,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნული საბჭო (NCURA) დაარსდა 1959 წელს და აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1100-ზე მეტი საგანმანათლებლო ორგანიზაციიდან. საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორთა შორის კომუნიკაციისა და ცოდნის გაზიარების პროცესში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. NCURA-ს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციის ყველა წევრს კვლევის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში და ხელი შეუწყოს მათი გამოცდილების გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.
„ჩვენი ისტორია წლების წინ დაიწყო და დღემდე მისი მისიის განხორციელებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით ვაგრძელებთ. ვაკავშირებთ მკვლევრებსა და ადმინისტრაციულ მენეჯერებს როგორც აშშ-ის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლახან დაწყებული პარტნიორობა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინას, მიზნად ისახავს, ფართოდ ხელმისაწვდომი გახადოს თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას, რომელსაც BTU განახორციელებს, NCURA-ს გამოცდილება და ცოდნა დაედება საფუძვლად. ის ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარებს გულისხმობს,“ – აღნიშნა NCURA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთლინ ლარმეტმა.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის პირველ შეხვედრას, საპატიო მომხსენებლის სტატუსით, დაესწრო ჰარვარდის უნივერსიტეტის ვიცე-პროვოსტის მოვალეობის შემსრულებელი, კვლევების მიმართულებით უნივერსიტეტის სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი – პროფესორი არა ტამასიანი. როგორც მან აღნიშნა, ჰარვარდის უნივერსიტეტი მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოსა და ინიციატივის სხვა მონაწილე ქვეყნებს. – ეს არ ვიცი თქვა თუ არა, შევამოწმოთ რა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და შეხვედრა რეგიონისთვის და მოხარული ვარ, რომ მონაწილეობის შესაძლებლობა მომეცა. საქართველო, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები და უკრაინა, კვლევების განვითარებას და ამ მიმართულებაში ინვესტირებას ინტენსიურად იწყებენ. ასეთი ტენდენციაა მთელ მსოფლიოშიც. ზოგადად, ეკონომიკური განვითარება ინტელექტუალური რესურსების განვითარების შედეგია. განვითარების საუკეთესო გზა კი სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ქვეყანას შორის კოლაბორაციაა. ინვესტიცია კვლევებში მოითხოვს მაღალი დონის მენეჯმენტს, რაც სხვადასხვა მიმართულებას ეხება.
კვლევების განვითარება დაკავშირებულია მკვლევრებისა და მეცნიერების ადმინისტრაციულ მენეჯერებთან სწორ და ადეკვატურ კომუნიკაციასთან. მეცნიერები რეალურად ახორციელებენ კვლევებს, ხოლო მენეჯერები ხელს უწყობენ კვლევების განვითარებას. სწორედ ამიტომ კვლევის მენეჯერების როლი მსოფლიო მასშტაბით სწრაფად მზარდია. NCURA 1959 წლიდან აქტიურად არის ჩართული ამ ყველაფრის განვითარებაში. მნიშვნელივანია, რომ ეს საზოგადოება გეოგრაფიულად და ეთნიკურად ფართოვდება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული მიდგომა და გამოცდილება აქვს. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია და როგორც NCURA-ს წევრი, მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ საქართველოსა და ინიციატივის წევრ სხვა ქვეყნებს“ – განაცხადა ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევების მიმართულებით სამეცნიერო აქტივობების შესაბამისობის დადგენის მთავარი ოფიცერი, არა ტამასიანმა.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმება და განხორციელდება ყოველთვიური საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებები, ცოდნის გაზიარების და გაცვლის სესიები, გაზიარდება საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკები, რესურსები და განახლებული ინფორმაცია, ხელი შეეწყობა რეგიონის ინსტიტუციების საერთაშორისო თანამშრომლობას კვლევისა და მეწარმეობის მიმართულებით.
ღონისძიების მიმდინარეობისას დაანონსდა ტექნოლოგიების ტრანსფერის 6 კვირიანი პრაქტიკული კურსის დაწყებაც, რომლის მანძილზეც მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს და შეძლებენ საკუთარი იდეის კომერციალიზაციაზე მუშაობას. განიხილავენ, თუ რა ნაბიჯებს მოიცავს უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებული კვლევითი პროექტის გადატანა სამეწარმეო და ბიზნეს სექტორში. კურსი მოიცავს დარგის ძირითადი კონცეფციების შესწავლას, საერთაშორისო გამოცდილების გაცნობას და პრაქტიკულ აქტივობებს. Tech Transfer Course: Research, Innovation and Entrepreneurship – კურსს წარუძღვებიან, როგორც NCURA-ს საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი პრაქტიკოსი სპეციალისტები. სასწავლო პროგრამა შექმნილია აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) მჭიდრო თანამშრომლობით, NCURA-ს გლობალური ინიციატივების ხელმძღვანელის მიერ.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის მხარდამჭერია ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა’’ (UCBP). პროგრამის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერება. UCBP ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.