Microsoft-ის საერთაშორისო კონფერენციაზე BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი პროექტი წარადგინა
2019 წლის 21 ნოემბერს “მაიკროსოფტის” EdVision საერთაშორისო კონფერენციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) ხელოვნური ინტელექტის ახალი პროექტი წარადგინა. აღნიშნული კონფერენცია განათლების დიგიტალიზაციის სფეროში ევროპისა და აზიის ქვეყნების ექსპერტებისთვის დიალოგის, გამოცდილების გაზიარების პლატფორმას წარმოადგენს. კონფერენციის ფარგლებში, დელეგატებს შორის მიმდინარეობდა მსჯელობა და საუკეთესო გამოცდილებების განხილვა ადმინისტრაციულ და სასწავლო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვასთან დაკავშირებით. კონფერენციის მონაწილეებმა განათლების სფეროს გამოწვევები და მათი გადაჭრის ის გზები განიხილეს, რაც ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი.
ნურლან ჟანიბეკი, კომპანია „მაიკროსოფტის“ CIS ქვეყნების განათლების მიმართულების ხელმძღვანელი: „მაიკროსოფტის EdVision კონფერენციის ფარგლებში გავეცანით და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ახალმა პროექტმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო ინსტიტუციებმა უნდა დაიწყონ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიულად დაგეგმვა ისე, როგორც ამას BTU ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის სწორი მაგალითი, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით წარმატებული ტრანსფორმაცია ორგანიზაციებში. იმედი მაქვს, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო ინსტიტუცია ასეთივე ეფექტური იქნება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.“
მადინა მანსუროვა, Al-Farabi ყაზახეთის ეროვნული უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტისა და Big Data დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი: „საქართველოს უმაღლეს განათლებას მდიდარი გამოცდილება გააჩნია განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ინტეგრირებასთან დაკავშირებით. ინოვაციური და პროგრესულია ის ინიციატივა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ახორციელებს. განათლებას აქვს უზარმაზარი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და განათლებაში ციფრული ტრანსფორმაცია ქვეყნის პროგრესს განაპირობებს. დიგიტალიზაცია, სმარტ ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი განვითარების რეალური გასაღებია. უნივერსიტეტებმა უნდა განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც ციფრულ სამყაროში არსებული გამოწვევების დასაძლევად შესაბამის პროფესიონალებს შექმნის.“