მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ. პირველი ეტაპზე ამოცანები გამოქვეყნდება ონლაინ და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ აღნიშნულ ამოცანებზე. მეორე ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ეტაპის წარმატებული მონაწილეები. ფინალში კი 9 აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მათემატიკოსთა კავშირთან თანამშრომლობით მეორედ ატარებს, გამორჩეულია რადგან საპრიზო ფონდს ინაწილებს გამარჯვებული აბიტურიენტი და მისი მათემატიკის მასწავლებელი. არის სამი ნომინაცია, პირველ ადგილზე გასული აბიტურიენტი მიიღებს 1000 ლარს და იგივე ოდენობის ფულადი ჯილდოს – მისი მასწავლებელი. მეორე ადგილის მფლობელი მოსწავლე და მასწავლებელი მიიღებენ 700-700 ლარს. მესამე ადგილის მფლობელი კი – 500-500 ლარს.
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტის დავით ნატროშვილის განმარტებით, ოლიმპადა მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ–თვისებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„მათემატიკით დაინტერესება იწყება საშუალო სკოლის კედლებში ისეთი ამოცანების განხილვით, რომელთა ამოხსნაც არასტანდარტულია და მოითხოვს მათემატიკური ფაქტების ღრმა ცოდნასა და ლოგიკურ არგუმენტაციას. ასეთი ამოცანების ნუსხაში აუცილებლად მოიაზრება საოლიმპიადო ამოცანებიც. მოსწავლეებისათვის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეიძლება ჩაითვალოს მათემატიკური აზროვნებისა და კვლევითი უნარ-თვისებების ჩამოყალიბების საფუძვლად. ის ხელს უწყობს: ცოდნის დონის ამაღლებას, მათემატიკის საფუძვლების ათვისებასა და გარღმავებას, ასევე, შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს ფრიად ღირსშესანიშნავ მოვლენად მიაჩნია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ მათემატიკური ოლიმპიადების ჩატარება, რაც უკვე ტრადიციად ყალიბდება. გვწამს, რომ ეს ღონისძიება უდიდეს ინტერესს გამოიწვევს მოსწავლეთა ფართო წრეში და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენას,“ – განმარტავს დავით ნატროშვილი.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მათემატიკის ოლიმპიადა შესანიშნავი შესაძლებლობაა მათემატიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და პედაგოგებისთვის. აბიტურიენტისათვის ეს არის მოტივაცია, რომ ისწავლონ და მოახდინონ მიღებული ცოდნის რეალიზება, გაიღრმავონ სხვადასხვა უნარები, ასევე მიიღონ საკმაოდ სოლიდური პრიზი. ოლიმპიადა ხელს უწყობს მათემატიკის პოპულარიზაციას. ოლიმპიადა, ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა მასწავლებლებისთვის. ასეთი სახის კონკურსებით პედაგოგები დიდად არ არიან განებრივრებულები, სადაც მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ჯილდოვდებიან. მადლობას ვუხდი BTU-ს, ორგანიზატორთა გუნდს და წარმატებებს ვუსურვებ მათ და აბიტურიენტებს მომავალ ოლიმპიადებზე,“ – აცხადებს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დირექტორი ივანე კვიტაშვილი.
ოლიმპიადა ძალიან პოპულარულია აბიტურიენტებს შორის და მათ მათემატიკის უკეთ სწავლის მოტივაციას აძლევს. BTU-ს ინიციატივებსა და ოლიმპიადაზე წარმოდგენილ ამოცანებს პოზიტიურად აფასებს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელი, მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლის მენტორი დიმიტრი არაბიძე.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მათემატიკის ოლიმპიადა ჩემთვის მისასალმებელია. გასულ სასწავლო წელს იგი კარგად ორგანიზებულად და ხარისხიანი ამოცანებით ჩატარდა. ვფიქრობ, ყველა მსგავსი ინიციატივა მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და კონკურენციის პირობებში აძლევს თავიანთი ცოდნის გამოვლენის საშუალებას. გარდა იმისა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა მათთვის სამომავლო გამოცდილებაა, გამარჯვებულები საკმაოდ სოლიდურ პრიზებსაც იღებენ. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა სრულიად უფასოა, რაც ყველა მოსწავლეს თანაბარ პირობებში აყენებს,“ – აცხადებს დიმიტრი არაბიძე.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ დაინტერესებულ აბიტურიენტს, რომელიც დარეგისტრირდება ბმულზე