მაია ხელაძე
მაია ხელაძეს 1994 წელს მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია, 2014 წელს კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხი. მიმდინარე ეტაპზე მაია ხელაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტია და მისი სადისერტაციო თემა ეხება ციფრულ გადახდებს და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დადგენას. მაია ხელაძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში.
მაია ხელაძე იკავებს ციფრული ბანკის სს ჰეშ ბანკის საგადახდო სისტემებისა და ოპერაციების მართვის დირექტორის თანამდებობას, პარალელურად არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს „ევროკრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, „საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, „ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბი საქართველოში“ თანადამფუძნებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2012 წლიდან.
მაია ხელაძე ხელმძღვანელობდა და დღესაც მართავს მნიშვნელოვან მიმართულებებს კომერციულ ბანკებში. მისი კომპეტენციების სფეროებს წარმოადგენს: საბანკო სერვისები და პროდუქტები, გადახდების ბიზნესი, ელექტრონული კომერცია, მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფინანსური ტექნოლოგიები, გზავნილების სისტემები, პერსონალის მართვა, ოპერაციები და სხვა სფეროები, სადაც მას ბიზნესპროცესების მართვის 30 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება და ექსპერტიზა დაუგროვდა.
საგადახდო ინდუსტრიისთვის რევოლუციური – უკონტაქტო ტექნოლოგიების დანერგვაში მაია ხელაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და 2009 წელს პირველად CEMEA რეგიონში (Central Europe, Middle East and Africa) გამოუშვა პირველი უკონტაქტო ბარათი საქართველოში.
2012 წლიდან მაია ხელაძე ახალგაზრდებს უზიარებს მდიდარ საბანკო გამოცდილებას ორ უნივერსიტეტში: ბიზნესისა და ტექნოლოგიების და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „საბანკო საქმის“ და „ელექტრონული კომერციის ადმინისტრირების“ კურსების სწავლების გზით. 2024 წლის აპრილში „ერასმუსის“ პროგრამის ფარგლებში მაია ხელაძემ ჩაატარა ლექციები პოლონეთის ქ. რშეჟოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტშიც.
მაია ხელაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში გადახდებისა და ციფრული სერვისების განვითარების საკითხებზე.