ლადო სირდაძე
ლადო სირდაძე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი სამართლისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის არის წამყვანი ქართველი მეცნიერი სამართლის ტექნოლოგიებში (Legal Tech) და სპეციალიზდება სამართლის დიგიტალიზაციასა და ავტომატიზაციაში, რეგულატორულ ტექნოლოგიებში (RegTech) და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებში.
ლადო სირდაძე არის ოქსფორდის უნივერსიტეტის Commonwealth Journal-ის ასოცირებული რედაქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის Fintech და LegalTech საზოგადოების მრჩეველი და ქართულ-გერმანული შედარებითი სამართლის ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
ლადო სირდაძემ სამართლის მაგისტრის ხარისხი (Magister Juris – MJur) მოიპოვა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ის იკვლევდა სამართლებრივ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა და რეგულაციას. მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა სამართლებრივი ტექნოლოგიების გამოყენებას რეგულაციების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ასევე, იგი იყო DAAD-ის მკვლევარი გერმანიაში და Ludovika-ს მკვლევარი უნგრეთში.
როგორც სამართლის ინჟინერს ბერლინში, მას შექმნილი აქვს ციფრული პროგრამები, რომლებიც გამოყენებულია 200,000-ზე მეტ სასამართლო საქმეში და დანერგილია წამყვან გერმანულ იურიდიულ ფირმებში. ასევე, მას აქვს შექმნილი LegalTech გადაწყვეტილებები გერმანიისა და საქართველოს სამინისტროებისთვის.
ლადო სირდაძე არის სამართლის ტექნოლოგიების (LegalTech-ის) ფუძემდებელი საქართველოში. მან შექმნა საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო კურსი LegalTech-ის მიმართულებით და გამოაქვეყნა პირველი ქართული პუბლიკაციები ამ სფეროში. განხორციელებული აქვს სამართლის გაციფრულების პროექტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ლადო სირდაძის კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებით სამართალს, ციფრულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ ავტომატიზაციას. მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და წიგნი. მისი საჯარო ლექციები გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ციურიხის უნივერსიტეტსა და სხვა.
ლადო სირდაძემ მოიპოვა Forbes Georgia 30 Under 30 ჯილდო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში LegalTech-ზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებისთვის მას მიენიჭა PROFFORMANCE საერთაშორისო ჯილდო.