კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალში სტარტაპმა Areal გაიმარჯვა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის ისტორიის მუზემ ქარვასლაში, კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. Idea Fest თბილისის კრეატიულ ცენტრში ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამის “შემოქმედებითი ნაპერწკალის’’ დასკვნითი ეტაპია.
კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Henley Business School-თან არსებული მეწარმეობის ცენტრი. ფესტივალის ფარგლებში, კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე 10 სტარტაპი საკუთარი ინოვაციური იდეებით ჟიურის წინაშე წარსდგა და Big Idea Challenge- ში მონაწილეობისა და 25,000 ფუნტის ოდენობის ჯილდოსთვის იბრძოლეს.
გამარჯვებული გუნდი 5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა, რომელსაც 1 000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცა. ის, ასევე, მონაწილეობას მიიღებს Big Idea Challenge-ის საერთაშორისო კონკურსში, დიდ ბრიტანეთში.
კონკურსის გამარჯვებული გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ციფრული გიდის აპლიკაცია Areal გახდა. გამარჯვებული სტარტაპერის მერაბ ლალიაშვილის განმარტებით, მან Areal 2 წლის წინ შექმნა და მას შემდეგ მუდმივად იდეის განვითარებაზე მუშაობს.
„დღეს „არეალი“ ფუნქციონირებს თბილისის ორ მუზეუმში და მისი ინტეგრაცია კიდევ ორ მუზეუმში იგეგმება. მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ეროვნულ მუზეუმში ინტერგარციაზეც და შესაბამისად, მალე ჩვენი ბრენდი საზღვრებს გარეთაც გავა. მიღებული დაფინანსებით აპლიკაციის კიდევ უფრო განვითარებას და დახვეწას შევძლებთ,“ – აღნიშნავს მერაბ ლალიაშვილი.
გაფართოებულ რეალობაზე დაფუძნებული ციფრული გიდის აპლიკაციის პარალელურად ჟიურის წინაშე კონკურსანტებმა წარადგინეს იდეები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს დახმარებას ისახავდა მიზნად. მათ შორის იყო სტარტაპი, რომელიც შშმ პირებს კონუმიკაცაისა და საზოგადოებაში ინტერგრაციაში ეხმარებოდა; ქუჩის მხატვრების დასახმარებელი სტარტაპი; სტარტაპი რომელიც უნიკალურ მუსიკალურ ღვინოს ქმნის, ბავშვებისთვის უნიკალური საპნების შემქმნელი სტარტაპი და სხვები.
ჟიურის წევრებს საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მოუწით გადაწყვეტილების მიღება, რადგან, როგორც თავად აღნიშნავდნენ, ყველა იდეა ძალიან კარგი და საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანი იყო. ჟიურის წევრები იყვნენ: GeoLab-ის დისტანციური სწავლების პროგრამის პროექტმენეჯერი გიორგი ნონიკაშვილი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის spark-ის ხელმძღვანელი სანდრო კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანი ვერულაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის მმართველი მიშა გაფრინდაშვილი.
სტუდენტებისთვის სტარტაპიდეების პრაქტიკაში განხორციელება და მათი დახმარება მენტორების თუ დაფინანსების მოპოვებაში დახმარებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მთავარი მიზანია. უნივერსიტეტის მიერ შექმნილი თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორქშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.