კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტებს BTU-სთან ერთად განახორციელებს
კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას ახალი სასწავლო წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტებში BTU-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება ასევე, რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.
კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ასევე ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, კომუნიკაციების კომისია სემინარებსა და ტრენინგებს BTU-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. საგანმანათლებლო სესიები სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე, სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.
კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები ასევე მედიაწიგნიერების პროექტის „მედიის ეკონომიკა“ ფარგლებში, მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.
კომუნიკაციების კომისიასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და BTU-ს რექტორმა ნინო ენუქიძემ 22 ივლისს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს.