კიდევ ერთი ფინანსური მიმართულების პარტნიორი
2018 წლიდან ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და გამოქვეყნება ყველა საწარმოსთვის სავალდებულო გახდა. უფრო კონკრეტულად, კომპანიებმა უნდა მოამზადონ ანგარიშგება, რომელიც შემოსავლების დაჯამებას, ზარალისა და მოგების აღრიცხვას უკავშირდება და გაასაჯაროოს.
ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება გამჭვირვალობისა და ინვესტორთა მოზიდვისაკენ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშგება სანდო იყოს, რათა ინვესტორმა სწორად განსაზღვროს, კონკრეტულ საწარმოსა თუ პროექტში ინვესტიციის ჩადება რამდენად მომგებიანი იქნება.
იმისათვის, რომ შემოწმდეს, კომპანიები ანგარიშგებას რამდენად სწორად და ხარისხიანად ახორციელებენ, მნიშვნელოვანია, საწარმო კვალიფიციურმა აუდიტორებმა შეამოწმონ. აღნიშნული პროცესების შედეგად, საქართველოში აუდიტორის პროფესია უფრო მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი გახდა. 2 წლის წინ კი ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური შეიქმნა, რომელიც ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ხარისხიანად შესრულებას ემსახურება. სამსახურის საბჭო მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომლის ერთ-ერთი წევრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძეა.
როგორც ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, იური დოლიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, საწარმოების მიერ ფინანსური ანგარიშგების წარმოების მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, 2016 წლამდე სახელმწიფოს აღსრულების მექანიზმი არ ჰქონდა. სისტემაში ცვლილებების შეტანის პროცესი 2016 წელს დაიწყო, 2018 წლისთვის კი ფინანსური ანგარიშგების განხორციელება და გასაჯაროება ყველა ტიპის საწარმოსთვის სავალდებულო გახდა.
იური დოლიძის თქმით, ამ ეტაპზე ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში 500 აუდიტორია დარეგისტრირებული, ბუღალტერთა ზუსტი რაოდენობა კი ჯერჯერობით უცნობია. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხარისხიანად და გამჭვირვალედ შესრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ამ მოთხოვნის საპასუხოდ კი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“ გადაწყვიტა, გაზარდოს კვალიფიციური კადრები, რომელიც ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ.
სწორედ ამიტომ, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა“ და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ფინანსური განათლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სწავლების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობაზე, ფინანსების მიმართულებით ახალი საერთაშორისო პროგრამების განვითარებასა და კონსულტაციებზე თანხმდებიან,. ასევე, შეთანხმება ითავლისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის პროფესიონალი ფინანსისტებით შევსებასა და სტუდენტების დასაქმების მხარდაჭერას. ამასთან, მხარეები ჩაერთვებიან ქართულ ენაზე, ფინანსების მიმართულებით მსოფლიოს უახლესი და მოწინავე სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესში, შესაბამისი რეკომენდაციებით და მრჩეველთა გუნდში კონტრიბუციით.
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის იური დოლიძის თქმით, აკადემიურ სექტორთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალ რეფორმას ახალგაზრდა მეცნიერები სჭირდება, რომლებიც საჭირო სპეციალობებს საფუძვლიანად დაეუფლებიან.
„ეს არის ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი, სხვა მომიჯნავე პროფესიები, რომელიც ემსახურება სანდო ანგარიშგების მომზადებას, მასთან დაკავშირებულ ყველა სისტემას; ანგარიშგების ინფორმაციული სივრციდან გამომდინარე, ანალიტიკას, კვლევებს და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ღია ვართ ყველა დაინტერესებული მხარისთვის და ვაძლევთ საშუალებას, წვდომა ჰქონდეთ იმ საინფორმაციო რესურსებზე, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე, დასაქმების კუთხით, გარკვეულწილად დავაკლავიანებთ კიდეც. ჩვენ გვაქვს სტაჟირების ძალიან საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამა თუ იმ ასპექტის დამუშავების პროცესში უშუალოდ ჩართულები არიან ბაკალავრიატის სტუდენტები, მაგისტრანტები.
მოთხოვნა ამ პროფესიაზე, ნამდვილად არის, რადგან კანონმა და ჩვენმა რეგულაციებმა ახალი ნორმები, საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული მოთხოვნები და აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მქონე კვალიფიცირებული სპეციალისტების საჭიროება წარმოშვა. ჩვენს სამსახურს დაგეგმილი აქვს, რომ ეს დეფიციტი აღმოიფხვრას. ამ შემთხვევაში, საკვანძოა აკადემიური სექტორის მონაწილეობა, რომელიც საბაზო და სწორ განათლებას იძლევა. ჩვენთან თანამშრომლობას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რათა ჩვენ ვაღიაროთ სასწავლო პროგრამები და მათი იმ საერთაშორისო სტანდარტებთან სინქრონიზაცია მოხდეს, რაც შემდეგ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ბაზარზე მიწოდებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა იური დოლიძემ.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს წევრის მაია მელიქიძის განცხადებით, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური 2 წელია, ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების, ხარისხის განვითარებასა და დახვეწას ემსახურება, ამიტომ მათი ცოდნის სტუდენტებისთვის გაზიარება მნიშვნელოვანია.
„ეს სამსახური დაახლოებით, 2 წელიწადია შეიქმნა და ამ ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების ხარისხის განვითარებას და დახვეწას ემსახურება. ამასთანავე, ეს ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს. ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბიზნესი უკეთესად განვითარდეს და უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ. საბოლოო ჯამში, მივიღებთ ეკონომიკურ ზრდას, მეტ დასაქმებულ ადამიანს, გამყარებულ ლარს და ჩვენი ქვეყნის წარმატებას.
მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები იქნებიან ჩვენი მხრიდან მოწვეული ლექტორები, ისინი ლექციებს წაიკითხავენ აუდიტისა და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით. ამასთანავე, იქნებიან ხიდი, რადგან ჩვენს სტუდენტებს საგანმანათლებლო თვალსაზრისით მიეცემათ გარკვეული სტაჟირების გავლის შესაძლებლობა. მათ ასევე შეეძლებათ, რომ სასერტიფიკაციო პროგრამები გაიარონ და საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ, როგორც ძლიერი აუდიტორები“, – განმარტა მაია მელიქიძემ.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსირტეტში“ მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი პროგრამა სტუდენტებისთვის მალე დაიწყება.