ხელოვნური ინტელექტის ახალი სასწავლო მოდული BTU-ში
ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობის მსურველ სტუდენტებს, ამ სფეროში ცოდნის გაღრმავება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეეძლებათ.
მანქანური სწავლება, ღრმა დასწავლა, ბუნებრივი ტექსტების დამუშავება, კომპიუტერული ხედვა, წრფივი ალგებრა და სტატისტიკა ის სფეროებია, სადაც სასწავლო კურსები ხელმისაწვდომი 2021 წლიდან გახდება. მოდულის შემუშავებაში BTU AI LAB-ის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზა, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტების გამოცდილება და ბაზრის უახლესი ტენდენციები იქნა გათვალისწინებული. კურსები ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი როგორც კურიკულური, ისე ექსტრაკურიკულური კომპონენტების სახით.
აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის BTU-ში სადოქტორო პროგრამის შემუშავებაც დაიწყო. პროგრამის მხარდამჭერთა შორისაა გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრი, ლეიდენის უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაცია AI Georgia, Optio AI, SYSTEM CORP., Pulsar AI, Maxin AI.
BTU AI LAB-ის ბაზაზე არაერთი პროექტი და გადამზადების პროგრამა განხორციელდა, მომზადდა მასშტაბური კვლევის ანგარიში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის საჭიროების შესახებ, ინტენსიურად მიმდინარეობს სფეროს სხვადასხვა სექტორში ინტეგრაციისთვის საჭირო ინიციატივები. ლაბში განხორციელებულ პროექტებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია: მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გადამზადების პროგრამას, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების გადამზადების კურსს საჩუქრად ქალებისთვის, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მიმართულებით გადამზადების პროგრამას და სხვა.
BTU AI LAB-ში მიმდინარეობს ქვეყნისთვის უპრეცედენტო პროექტი გერმანულ კომპანია KnowledgeTools International GmbH-თან და Maxin AI-სთან ერთადმ რომლის ფარგლებში, ქართული შრიფტისთვის სრულყოფილი OCR პროგრამა შეიქმნება და რომლის შედეგად, სკანირებულ დოკუმენტებში, შეცდომის გარეშე მოხდება ტექსტის წაკითხვა.