კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ აქტივიზმს უერთდება
- Categories ახალი ამბები
- Date დეკემბერი 9, 2021
ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს უერთდებიან. წელს კერძო სექტორი მთავარ აქცენტს სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროებაზე აკეთებს და გლობალურ კამპანიას სპეციალური განცხადებით ეხმიანება.
„გენდერული ძალადობის, მათ შორის სექსუალური შევიწროების, პრევენციასა და აღმოფხვრაში, დამსაქმებლებს განსაკუთრებული როლის შესრულება შეგვიძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპები, რომელთა განხორციელებასაც ვესწრაფვით, უპირველესად სამუშაო ადგილზე არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეფუძნება.
სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, ორგანიზაციების შიგნით შევქმნათ სექსუალური შევიწროების პრევენციისა თუ რეაგირების მექანიზმები, ვიმუშაოთ დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებაზე და ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეიძლება ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ვუთხრათ, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ“, – ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გაგრძელდება. კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მასში მონაწილე ქვეყნები, ორგანიზაციები, კომპანიები თუ უბრალოდ მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად სხვადასხვა აქტივობაში სწორედ ნარინჯისფერს იყენებენ. კამპანიის მხარდასაჭერად, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ოფიციალური ანგარიშები სოციალურ ქსელებში განარინჯისფერდება. ცნობიერების ასამაღლებლად, ამ 16 დღის განმავლობაში, კომპანიები გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინიციატივებსაც განახორციელებენ.
ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც კერძო სექტორს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ეხმარება. პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი ქვეყანაში უკვე 100-ზე მეტ კომპანიას აქვს მოწერილი. ამ საქმიანობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
You may also like
BTU-ს ლექტორების აკადემია აცხადებს მიღებას
ნოემბერი 15, 2024