UCBP პროგრამა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამაში (UCBP)“. პროგრამის მიზანი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარება, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კვლევის შედეგების ინდუსტრიასთან დაკავშირება და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერება იყო. UCBP განხორციელდა საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ადმინისტრირებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საფუძველი ჩაუყარა ტექნოლოგიების ტრანსფერთან (TT) დაკავშირებული პროცესების დაძვრას – ქართულ აკადემიურ საზოგადოებაში ტექნოლოგიების ტრანსფერის შესახებ ცოდნის გავრცელებას და ტექნოლოგიების ტრანსფერის მოდელებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნულ საკითხზე BTU-ში ჩატარდა არაერთი ღონისძიება და დისკუსია, რაც ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ცოდნის ტრანსფერი ეკონომიკურ შესაძლებლობებად.
NCURA-სთან თანამშრომლობა
განვითარდა თანამშრომლობა აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA). NCURA წარმოადგენს ფართომასშტაბიან, წევრობაზე დაფუძნებულ აკადემიურ ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 7500 წევრს 40 ქვეყნის 1,100-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. საბჭო აქტიურად არის ჩართული კვლევის ადმინისტრატორებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების განვითარებაში, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. NCURA-ს მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციის ყველა წევრს კვლევის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში და ხელი შეუწყოს მათი გამოცდილების გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის UCBP პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის გაძლიერებული დიალოგი კვლევით და ინოვაციებზე ფოკუსირებულ ინსტიტუტებსა და ასოციაციებთან. BTU-მ გააფართოვა წვდომა და საერთაშორისო თანამშრმლობის ქსელი: უნივერსიტეტი გახდა ENRICH GLOBAL-ის წევრი, რომელიც წარმოადგენს უკეთესი და უფრო მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობის საერთაშორისო კონსორციუმს. წევრობის ფარგლებში BTU-ს მიეცა შესაძლებლობა გაეზიარებინა გამოცდილება კონსორციუმის წევრი ინსტიტუტებისგან და ჩართულიყო ღია კონკურსებში.
BTU-მ თანამშრმლობა დაიწყო აშშ-ს საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) და აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზება გაუწია რამდენიმე სემინარს ისეთ თემებზე, როგორიცაა: კვლევების ადმინისტრირება, ტექნოლოგიების ტრანსფერის პროცესები, აშშ-ს დაფინანსებული ინსტიტუტები და ა.შ. 2022 წლის ნოემბერში NCURA-ს გლობალური ინიციატივების დირექტორი, ქ-ნი კლერ ჩენი ოფიციალური ვიზიტით ეწვია BTU-ს რათა ხელი შეეწყო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების ტრანსფერის ხედვის ჩამოყალიბებისთვის, ამ კუთხით პროცესების დაგეგმვისთვის და საჭირო დაინტერესებულ მხარეებთან კავშირის დამყარებისთვის.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივის დაფუძნება
აშშ-ს საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობის ფარგლებში BTU-მ დააფუძნა NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ინიციატივა. ინიციატივის მიზანია, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და უკრაინის აკადემიურ ინსტიტუციებს შორის დიალოგისა და პარტნიორობის გაძლიერება, ცოდნისა და რესურსების გაზიარება, სამეცნიერო კვლევითი პოტენციალის გაძლიერება და აშშ-ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
NCURA-ს სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის პარტნიორების ამჟამინდელი სია:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველო;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო;
- თბილისის თავისუფალი აკადემია, საქართველო;
- ოდესის მეჩნიკოვის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- დონეცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- სამხრეთ უკრაინის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტი, უკრაინა;
- მიკოლა გოგოლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკრაინა;
- უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ოდესის სამართლის აკადემია, უკრაინა;
- აკადემიკოს სტეფან დემიანჩუკის საერთაშორისო ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა;
- ტავრიას სახელმწიფო აგროტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უკრაინა;
- სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სომხეთი;
- სომხეთის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთი;
- ეკონომიკისა და სოციალური განვითარების ცენტრი, აზერბაიჯანია;
- აზერბაიჯანის უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი;
- ნახჭევანის პედაგოგიური ინსტიტუტი, აზერბაიჯანი.
ტექნოლოგიების ტრანსფერის კურსი BTU-ში - კვლევა, ინოვაცია და სამეწარმეო საქმიანობა
UCBP პროგრამაში მონაწილეობისა და NCURA-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი არის ტექნოლოგიების ტრანსფერის კურსის კურიკულუმის შემუშავება: შესაბამისი საკითხების იდენტიფიცირება და NCURA-ს პარტნიორი ინსტიტუციებიდან სპიკერების მოწვევა ქართული აკადემიური საზოგადოებისთვის საპილოტე კურსის განხორციელების მიზნით.
NCURA-ს გლობალური ინიციატივების დირექტორმა უზრუნველყო სპიკერების ჩართულობა ისეთი მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, როგორიცაა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUB), ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი პრაღაში, ლონდომის კინგს კოლეჯი და პენსილვანიის უნივერსიტეტი. მათ კურსის მონაწილეებს გაუზიარეს სიღრმისეული ცოდნა და უდიდესი გამოცდილება. ონლაინ დისკუსიების ფარგლებში დაიფარა ისეთი საკითხები, როგორიცაა: გამოგონების გასაჯაროების პროცესი, ახალი ტექნოლოგიების შეფასება და დაცვა, ტექნოლოგიების ტრანსფერის ციკლში კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების როლი, ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისების როლი აკადემიასა და კორპორაციას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის კუთხით.
კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდა ღია კონკურსის გზით და საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორიცაა: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – SAKPATENTI, აგრარული უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ელიავას ბიოპრეპარატების კომპანია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU). პრეზენტაციებისა და დისკუსიების დროს სპიკერებმა აღნიშნეს აკადემიური ტექნოლოგიების ტრანსფერის კომერციული პოტენციალი და ბენეფიტები, ისევე როგორც მათი როლი ქვეყნის ინოვაციურ და სამეწარმეო ეკოსისტემაში ხანგრძლივვადიანი ეკონომიკური განვითარების ჭრილში.