B2B აქსელერატორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი სტარტაპების და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნის წახალისებას, რომლებიც დიდ ბიზნესებში პროცესების გამარტივებასა და ავტომატიზაციას ემსახურებიან.
პროექტი შედგება რამოდენიმე ეტაპისგან:
- იდეათონი წინასწარ იდენტიფიცირებული პრობლემის გარშემო;
- აქსელერაციის პროგრამა შერჩეული გუნდებისთვის;
- დემო დღე და ინვესტორებთან შეხვედრა.
B2B აქსელერატორის მკვლევართა გუნდი სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული პრობლემების პირველად იდენტიფიცირებას და ვალიდაციას მოახდენს. პროექტის მომდევნო ეტაპზე ანტრეპრენერებს, დეველოპერებს ან/და ტექ. ენთუზიასტებს საშუალება ექნებათ იდეათონის ფორმატში იპოვონ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები და წარადგინონ საკუთარი იდეები სპეციალური ჟიურის/მენტორების წინაშე. საუკეთესო იდეების ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ აქსელერაციის პროგრამა, დაიწყონ თავიანთი იდეების რეალიზებაზე მუშაობა და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა საქმიანობის ყველა ეტაპზე. პროექტის მესამე და ბოლო ეტაპი კი დემო დღე იქნება, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება საუკეთესო გადაწყვეტა / სტარტაპი, რომელიც მიიღებს დამატებით მხარდაჭერას მენტორებისგან და ასევე ინვესტორების დაფინანსების მიღების შესაძლებლობას.
უშუალოდ აქსელერაციის პროგრამა მოიცავს სამუშაო შეხვედრებს და ინდივიდუალურ საკონსულტაციო სესიებს ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა: პროდუქტის დიზაინი, პროდუქტის ბაზართან თავსებადობა, გაყიდვები, ფიჩინგი, ფინანსების მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის კონკრეტულ ინდუსტრიაზე მორგებული სპეციფიკური საკითხები. აქსელერაციის პროგრამის დასასრულს მონაწილე გუნდებს ექნებათ უკეთესი წარმოდგენა თუ როგორ მოახდინონ მათი იდეების კომერციალიზაცია და გაზარდონ თავიანთი ბიზნესი.
აქსელერაციის პროგრამაზე მიღება გამოცხადდება წოველწლიურად, წელიწადში ერთხელ. პროგრამაში მონაწილეობას თითო გამოცხდების ფარგლებში შეძლებს მაქსიმუმ 10-15 გუნდი. საორგანიზაციო გუნდს გააჩნია სრული დისკრეცია მონაწილეთა საბოლოო შერჩევის კუთხით.
B2B აქსელერატორის 2023 წლის ნაკადის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორია Glovo, რომელიც პირველ ეტაპზე წარმოადგენს პრობლემას იდეათონისთვის, ხოლო აქსელერაციის განხორციელების ეტაპზე მონაწილე გუნდებს მხარს დაუჭერს მენტორშიფით.