იდეათონი – სტუდენტების კონკურსი საუკეთესო იდეებისთვის
„პროფესიას არ აქვს სქესი“ – როგორ მოვიზიდოთ ახალი ადამიანები ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში
რა:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს ინვოაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უმასპინძლებენ იდეათონს „პროფესიას არ აქვს სქესი“ – როგორ მოვიზიდოთ ახალი ადამიანები ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში.
საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, თუმცა ისინი სრულად არ არიან ჩართული ანაზღაურებად შრომით საქმიანობაში. განსაკუთრებით დაბალია ქალების წარმომადგენლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიებსა და საუნივერსიტეტო ფაკულტეტებზე, ასევე სამეწარმეო საქმიანობაში. საქსტატის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, მაღალანაზღაურებად პროფესიებში ქალების მხოლოდ 23%-ია წარმოდგენილი, ხოლო 20%-ზე ნაკლები სწავლობს ისეთ ტექნიკურ ფაკულტეტებზე, როგორიცაა ინჟინერია, წარმოება თუ მშენებლობა. ამავე კვლევის მიხედვით, კერძო კომპანიების მფლობელების მხოლოდ 31%-ია ქალი.
შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობა ბევრ სიკეთეს განაპირობებს. ევროპული კომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ „ევროკავშირის ქვეყნებში მრავალფეროვნების თანმდევი ხარჯების ეფექტურობის გაზომვის მეთოდებისა და ინდიკატორების შესახებ“ ცხადყო, რომ გენდერული მრავალფეროვნების სტრატეგიის მქონე კომპანიები უფრო ეფექტურნი არიან. მაკკინსის კვლევის თანახმად, მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ინკლუზიური ეკონომიკური მონაწილეობა ქვეყნის მშპ-ის ზრდას განაპირობებს. სამუშაო ძალის ამჟამინდელი შემადგენლობა მიუთითებს, რომ ქალები საქმდებიან ისეთ პოზიციებზე, სადაც მათ საკუთარი ნიჭისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება არ აქვთ. თუ გენდერული პროდუქტიულობის უთანასწორობა მოწინავე თანამდებობებსა და შრომით ბაზარზე დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდით შეიცვლება, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური საქმიანობაც გაუმჯობესდება.
საქართველოს ბიზნეს კომპანიებსა და უნივერსიტეტებს, ასევე სამთავრობო უწყებებს ესაჭიროებათ ახალი იდეები იმ სტრატეგიის შესამუშაველბლად, რომელიც გაზრდის ქალების ჩართულობას საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში.
როგორ:
მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, რომლებიც პროფესიონალი ინსტრუქტორისა და გენდერის ექსპერტის მეთვალყურეობით იმუშავებენ ინოვაციურ და გენდერულად მგრძნობიარე იდეებსა და სტრატეგიებზე ორი მიმართულებიდან ერთ-ერთი საკითხის მიმართულებით:
– როგორ შეიძლება გაზარდონ ინსტიტუციებმა (უნივერსიტეტები, კერძო ბიზნესი) ქალების წარმომადგენლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში?
– როგორ უნდა გაიზარდოს ქალების ჩართულობა მეწარმეობაში?
მონაწილე ჯგუფები 3 სათის განმავლობაში იმუშავებენ და იდეებს წარუდგენენ ჟიურის, რომელიც დაკომპლექტებულია ბიზნეს კომპანიების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებითა და გენდერის ექსპერტებით. სამი გამარჯვებული ჯგუფი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზებით.
როდის:
15 ნოემბერს, 11:00-18:00, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე.