HP CUP ჰაკათონის გამარჯვებულია – RAD
RAD (Recognize, Analyze, Digitalize) – ეს არის სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და საფრენი აპარატების მეშვეობით უზრუნველყოფს მის თვალთახედვაში მოხვედრილი ნებისმიერი ობიექტის ამოცნობასა და ანალიზს. აღნიშნული მონაცემების გამოყენებით კი ადგენს სტატისტიკას სხვადასხვა თემატიკაზე, წინასწარ მიცემული დავალებების მიხედვით. მაგალითად, თუ დაწესებულებას სურს, გაიგოს, ქალაქის რა ნაწილში და რა მასშტაბითაა დაზიანებული გზის სავალი ნაწილი, RAD მოახდენს ტერიტორიის ანალიზს და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციასა და სტატისტიკურ ანალიზს.
სისტემის შემქმნელები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 3 სტუდენტი: ელგუჯა ლომსაძე, საბა საყვარელიძე და გიორგი ვარდანია არიან.
„ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებსაც აქვთ დიდი ცოდნა და გამოცდილება თავიანთ სფეროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო არა მხოლოდ ტექნიკურად დახვეწილი, არამედ გათვალისწინებული გვქონდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც თან სდევს სტარტაპს საწყის ფაზაში. კვალიფიციურ ჟიურის წარვუდგინეთ პროტოტიპი, სადაც ნათლად ჩანდა პროდუქტის მუშაობის პრინციპი და დანიშნულება. ამასთან, წარმოვადგინეთ დეტალური ინფორმაცია კომერციალიზაციისა და ბიზნესგეგმის შესახებ,“ – განმარტავს გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წევრი ელგუჯა ლომსაძე.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა HP CUP, რომელიც 2 დღიანი ჰაკათონის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს დიდ მოტივაციას აძლევდა.
მთელ გუნდს შემდგომი საქმიანობისთვის ექნება საშუალება გამოიყენოს HP-ის Workstation. საინტერესო პრიზი გახლდათ ასევე თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ პრიზი – 1-კვირიანი საგზური ესტონეთში, სადაც გამარჯვებული გუნდი გაივლის აქსელერაციას და მოახდენს პროდუქტის კომერციალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.
HP CUP-ის ყოველწლიური ჰაკათონის საქართველოში-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება კომპანია HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა, ვერტიკალური ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიმართულებით ჟან-მარკ ოლივიერომ და ხელმძღვანელმა, მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში მარკუს შვერცელმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
ჰაკათონის წლევანდელი თემა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნა იყო – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიუილი რუკები და სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც მონაწილეები 2 დღის განმავლობაში მუშაობდნენ. მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით შერჩეულმა საუკეთესო გუნდებმა შეძლეს, რომლებმაც საკუთარი იდეების დასამუშავებლად გამოიყენეს „სილიკონ ველი თბილისის“ HP LAB-ში არსებული ბოლო თაობის სამუშაო სადგურები HP Z8, Z4 და ვირტუალური რეალობის მოწყობილობები.
ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორი “პროკრედიტ ბანკი” იყო. ჰაკათონის ფარგლებში ბანკის ენერგოეფექტურობის ექსპერტმა ლევან ხმიადაშვილმა ჩაატარა ვორქშოფი თემაზე: Eco Mobility. პროკრედიტ ბანკის რჩეული გახდა გუნდი “რერო”. გუნდმა ეკო უსაფრთოხების ფარგლებში შეიმუშავა მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს შემეცნებით ბლოგს, ახალი ამბების საინფრმაციო პლატფორმასა და სახალისო აქტივობას