Glovo-ს დამფუძნებელი BTU-ში და ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
Glovo-ს დამფუძნებელი და ანტრეპრენერი, საშა მიშაუ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ინგლისელმა ანტრეპრენერმა, რომელმაც 2014 წელს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აპლიკაცია შექმნა, სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილების, სამომავლო გეგმებისა და ახალი შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.
Glovo-სა და BTU-ს თანამშრომლობის ფარგლებში, Tech კომპანია სტუდენტებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს შესთავაზებს. გარდა ამისა, არსებული და ახალი პროდუქტის განვითარების პროცესში BTU-ს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში. ამასთან, Glovo-სა და BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტებისთვის განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის: ჰაკათონები, იდეათონები, ტექნოლოგიური დასაქმების ფორუმები, Networking სესიები და სხვა.
Glovo ბარსელონაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალება მცირე დროშია შესაძლებელი. დღესდღეობით, კომპანია 10,000-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40-ზე მეტ ქალაქშია წარმოგენილი. Glovo-ს წარმომადგენლობა საქართველოშიც წარმატებით ოპერირებს. საშა მიშაუს განმარტებით, აღნიშნულ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, რაც ბიზნესს წარმატებულს ხდის. ამ ყველაფერს კი, საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო დონეზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესწავლა უწყობს ხელს.
საშა მიშაუ სერიული ანტრეპრენერია და Glovo-ს გარდა იგი რამდენიმე ციფრული ბიზნესის, მათ შორის Latinred-ის დამფუძნებელია, რომელიც მოგვიანებით კორპორაცია StarMedia-მ შეიძინა.