გლობალური სტარტაპ ფონდის რჩეულები ცნობილია – რამდენ სტარტაპს დააფინანსებენ ინვესტორები?
საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძიებაზე გაერთიანდნენ.
100-მდე სტარტაპიდან 15 საუკეთესო ინვესტორების წინაშე სასტუმრო რუმსში გამართულ ღონისძიებაზე წარსდგა. საბოლოოდ კი 15 სტარტაპიდან ინვესტორებმა 8 საუკეთესო შეარჩიეს.
გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლისდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.
გლობალური სტარტაპ ფონდის რჩეულები: Omofox, Biliki, Anima Chatbotics, Citypay io, Pevaton, Vidoofood, B2C, Dataninja გახდნენ და ინდივიდუალურ შეხვედრებს ინვესტორებთან უკვე დღეიდან დაიწყებენ.
Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ვადიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდიდან, ადგილობრივი ინვესტორები, სპიკერები და ვებინარები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT), პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან – BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბები გააფართოვა და წელს 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევდა.
გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა ,,tbc სტარტაპერმა“ ახალი საინვესტიციო პროდუქტიც შექმნა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისათვის.
,,21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები და ახალი სტარტაპების წარმოშობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვნია ის, რომ ქართველ ინვესტორებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ უცხოელი ინვესტორებიც. საქართველოს სამომავლო ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ვფიქრობ, ეს უნდა იყოს. საქართველოში დაიტესტოს და შემდეგ უცხოეთში გავიდეს ქართული სტარტაპები და იდეები“, – განაცხადა tbc-ს გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო სტარტაპ ფონდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ღონისძიების სხვა მონაწილეებმა.
,,შეუძლებელია ქვეყანაში ინვესტიციების განვითარება კერძო ინვესტორების გარეშე და ამიტომ არის ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ერთად კრებს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებს. ქართულ სტარტაპებს აქვთ საშუალება, მათი გამოწვრთნილი იდეები წარუდგინონ ინვესტორებს. სწორედ ეს პლატფორმები უწყობს ხელს, რომ კერძო ფული გაჩნდეს ქართულ სტარტაპებში“, – განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი: „ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს პრიორიტეტია და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ინსტრუმენტებით აქტიურადაა ჩართული ინოვაციური ეკო სისტემის განვითარებაში. როგორც ფინანსური ხელმისაწვდომობის პროგრამებით, ასევე საგანმანათლებლო და სხვა მექანიზმებით“.
ისრაელის ელჩი რან გიდორი: „საქართველო ამ დრომდე ცნობილი იყო კარგი ტურიზმით, გემრიელი ღვინითა და საკვებით. მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქვეყანას ინოვაციური სტარტაპების კუთხითაც კარგი მიღწევები აქვს. ქართველ ანტერპრენერებს, ქართველ ახალგაზრდებს აქვთ რესურსი, გახდნენ წარმატებული მთელს მსოფლიოში და დღევანდელი ღონისძიება ამის დასტურია“.
ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის, ომოფოქსის თანადამფუძნებელი მახო ქიტუაშვილი სტარტაპისთვის დაფინანსების ახალი წყაროს გაჩენას, განვითარებაში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.
,,ომოფოქსი არის ციფრული პლატფორმა, რომლითაც ვეხმარებით მოხმარებელს მარტივად მოახდინონ თავიანთი ტვირთების ტრანსპორტირება მცირე ინტერაქციით. მიხარია, რომ ჟიურის არჩევანში ჩვენი სტარტაპიც მოხვდა, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება სტარტაპის მეტად განვითარებისთვის“.
ცნობისთვის, 8 სტარტაპიდან 5-ით ქართველი ინვესტორები დაინტერესდნენ. ჯამური ინვესტიციების მოცულობა კი, რამდენიმეკვირიანი შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი.