გლობალური სტარტაპ ფონდი 1 წლისაა!
„გლობალური სტარტაპ ფონდი“ 1 წლისაა. ფონდის გახსნა 2019 წლის 29 მაისს „სილიკონ ველი თბილისისა“ და „ისრაელის სილიკონ ვადის“ პარტნიორობის ფარგლებში გამოცხადდა.
მისი მიზანია საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპების აღმოჩენა და საერთაშორისო ბაზარზე მათი კომერციალიზაციის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, უკვე მეორედ, საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების წარმომადგენლები საერთაშორისო დონის მსხვილ ინვესტორებს შეხვდნენ და დაფინანსების მოსაპოვებლად მათ საკუთარი იდეები და საქმიანობა გააცნეს.
„გლობალური სტარტაპ ფონდის“ საქმიანობის ფარგლებში ქართულმა კომპანია Influence Georgia-მ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდის გამარჯვებულია, ებრაელ ინვესტორ დავიდ ზერასთან გააფორმა ხელშეკრულება. შესაბამისად, Influence Georgia-მ დაფინანსება 1 300 000 ლარის ოდენობით, GITA-სთან პარტნიორობით, ისრაელის ინვესტორისგან მიიღო.
სწორედ ასეთ გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობის მოტივაციით, „გლობალური სტარტაპ ფონდის“ კონკურსის მეორე ეტაპზე 150-მდე სტარტაპი რეგისტრირდა. მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტით, ინვესტორთა ჯგუფი მათგან მხოლოდ ექვსს შეხვდა.
შერჩეულ სტარტაპებს შორის არიან: Phubber App, Lingwing.com, Biliki App, Anima Chatbotics, Best Offer, Villam.
ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს Dollar to Dollar Basis ინიციატივის ფარგლებში განიხილავს.