Globalize-ის ლონდონის კონფერენცი იხსნება
სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, Globalize მორიგ კონფერენციას ახლა უკვე ლონდონში გამართავს და თავს მოუყრის სტარტაპებს, მეწარმეებს, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ-საზოგადოებას, სავაჭრო და ბიზნეს ინსტიტუციებს. ასევე სხვა საჭირო ორგანიზაციებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ბრიტანულ და მსოფლიო ბაზრებზე გაფართოებას შეუწყობს ხელს.
კონფერენცია 18 ნოემბერს, “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს”, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და “საქართველოს ბანკი ბიზნესის” მხარდაჭერით ხორციელდება. Რეგისტრაცია კონფერენციაზე კვლავაც გრძელდება და მსურველებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით მიიღონ.
“Globalize UK Conference საშუალებას მისცემს სტარტაპებს, საკუთარი ინოვაცია ინვესტორების წინაშე ფიჩინგის გზით წარადგინონ. ქარველი ექსპორტიორების პროდუქტები კი ექსპო-სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რათა ვიზიტორებსა და ინვესტორებს წარმოდგენა შეექმნათ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესახებ და დაისახონ სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები” – ამბობს Globalize-ის დამფუძნებელი და აღამსრულებელი დირექტორი, სალომე კუკავა.
Globalize UK კონფერენცია ნეთვორქინგის, კავშირების გაღრმავების, ასევე ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარების სივრცეს ქმნის, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა სპიკერებს ენიჭებათ. ღონისძიებაზე სხვადასხვა საინტერესო თემას განიხილავს 35 სპიკერი, რომელთა შორის არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი,ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, META-ს პროქტების მენეჯერი მარიამ შარანგია, ჰენლის ბიზნესის სკოლის ლექტორი, მეწარმეობისა და ინოვაციების საკითხებში, დოქტორი ფაბიო გონკალვეს დე ოლივეირა, ასევე XGo-ს – ციფრული აქტივების მართვის პორტალის თანადამფუძნებელი ჯოშ კოველი და სხვები. Globalize გუნდის ცნობით, კონფერენციის სპიკერი იქნება ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
“თემები მრავალფეროვანია და მოიცავს ევროპის ბაზარზე ექსპანსიის გამოწვევებსა და სირთულეებს, დაფინანსების შესაძლებლობებს, ციფრულ ტრანსფორმაციას, მომავლის ტექნოლოგიებს და ა.შ. Პანელური დისკუსიები მიეძღვნება ქალებს ტექნოლოგიებში, NFT-ისა და ხელოვნების მომავალს, Web3-სა და ბლოქჩეინს, და არა მხოლოდ” – ამბობს Globalize-ის მმართველი პარტნიორი, ირაკლი დავარაშვილი.
17 ნოემბერს, გაიმართება ინვესტორების მიღება, რომელსაც გლობალაიზი “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა” და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასპინძლობს.
კონფერენციის პარტნიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), Sweeft Digital, Sky Logistics, Nexia TA. საინფორმაციო მხარდაჭერას ბიზნეს მედია საქართველო (BMG), Marketer.ge და Entrepreneur და ბიზნეს პარტნიორი უზრუნველყოფენ.
GLOBALIZE არის ბიზნეს-საკონსულტაციო ორაგნიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს, რომლებიც ეხმარებიან ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში, ხელს უწყობენ მათ ადგილობრივ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. ამ დროისთვის Globalize Community აერთიანებს 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ. Globalize-ს იდეა სიმარტივითა და ხელმისაწვდომობით გამოიხატება, რადგან ის აერთიანებს ყველა საჭირო რესურსს გლობალურ ბაზარზე მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ GLOBALIZE-ს უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12 ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბიტანეთსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში.