განათლების ტექნოლოგიების გაძლიერება საქართველოში ევროკავშირთან და Save The Children-თან პარტნიორობით
ბიზნესში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების სასწავლებლად BTU ლაბს ქმნის. ინიციატივის განხორციელებაში ჩართულები არიან ევროკავშირი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები. ლაბორატორია უპრეცედენტოა რეგიონის მასშტაბით და მისი შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერებას ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში. ლაბი BTU–ს ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში Edtech–ის მიმართულებით შეიქმნება და ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ მასშტაბური და მსხვილბიუჯეტიანი პროექტებისა, რომელიც ამ მიმართულებით ერთი წლის განმავლობაში დაიგეგმა.
განათლების ტექნოლოგიების მიმართულებით BTU–ს ინიციატივებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ევროკავშირის დაფინანსებული Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4-ის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების შესაძლებლობების მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად განვითარებას. მიზნის მისაღწევად კი იგეგმება სასწავლო მეთოდოლოგიებისა და კურიკულუმების შექმნა, აკადემიური პერსონალის გადამზადება, ახალი სასწავლო მოდულის Industry 4.0 Business Management მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის შექმნა. პროექტის აქტივობების ფარგლებში უკვე მიმდინარეობს კვლევა საქართველოში ბიზნეს განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
დაგეგმილ აქტოვობებს შორისაა პროექტი, რომელიც Lingwing-თან პარტნიორობით საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის კომპეტენციის გასაუმჯობესელი ინსტრუმენტის შექმნას გულისხმობს. Lingwing, რომელიც საქართველოში მოწინავე პლატფორმაა ენების შესწავლის მიმართულებით, შექმნის სპეციალურ აპლიკაციასა და სხვა მაღალტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს. კურსები უფასო და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.
ცოდნის ბანკი BTU-ს მასშტაბური პროექტია, რომელიც ინიციატივა 5.0-თან ერთად დაანონსდა. მაღალტექნოლოგიური პლატფორმა წარმოადგენს ციფრულ სივრცეს, რომელიც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ციფრული მეხსიერებაა და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. ცოდნის ბანკი აშშ-ს სილიკონ ველიში შექმნილი აპლიკაცია Notion-ის ბაზაზე შეიქმნა.
დაგეგმილ პროექტებს შორისაა ESx.ge–ის განვითარება. მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე შექმნილი ESx.ge–ზე დაანონსებულია შემდეგი უფასო კურსები: MiniMBA–ს, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ტექნოლოგიური სამართლის, ციფრული მედიის და სხვა მრავალი ინდუსტრიის გარშემო სასერტიფიკატო კურსები.
საერთაშორისო ორგანიზაცია save the children-თან თანამშრომლობის ფარგლებში BTU-ში ტარდება ჰაკათონი, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ახალი, დამხმარე ტექნოლოგიური რესურსების (assistive technologies) შექმნა. ასევე, შემუშავდება სასწავლო მასალა და მობილური აპლიკაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის კომუნიკაციის უნარების განვითარების მიზნით. დაგეგმილია AI წამკითხველის შექმნაც, რომელის საშუალებითაც მხატვრული ლიტერატურა და სხვადასხვა სასწავლო მასალები გაციფრულდება.
განათლების მიმართულებით BTU-ს პატნიორია საერთაშორისო დეველოპერული ცენტრი Webiz, რომელიც განახორციელებს მსხვილ ინვესტირებას საქართველოში არსებული სტუდენტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. აშშ-ში დაფუძნებულ სტრატეგიულ ცენტრ StrategEast–თან თანამშრომლობის ფარგლებში კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, StrategEast-ის და EPAM-ის მიერ ფორმირებულ აიტი ჰაბში მიმდინარე გადამზადების პროგრამაში BTU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით ჩაერთვებიან და დაეუფლებიან 5 მიმართულებას: Frontend დეველოპმენტი, ASP.net დეველოპმენტი, Java დეველოპმენტი, Android აპლიკაციების დეველოპმენტი და QA ინჟინერია.