ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ქალთა გაძლიერების პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში ადამიანური რესურსებისა და ქალთა ჩართულობის გაძლიერებას ემსახურება.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს:
- ნიკოლას სენდროვიჩმა,საქართველოშიევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა;
- ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა;
- ირინა საკიმ, ევროპის ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’ მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მიზნად ისახავს, ქალთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ მონაწილეთა მინიმუმ 30% სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.
ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები 5 ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება. ესენია: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პირველი ნაკადის ბენეფიციარების გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და რესურსებს. სწავლების, მენტორობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების გზით, ქალებს მთელი საქართველოდან ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიუმჯობესონ ტექნოლოგიური
უნარები, რომლებიც მათ ციფრულ ეპოქაში განვითარებისა და დასაქმებისთვის სჭირდებათ,” -განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინოენუქიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მენტორები, ექსპერტები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობისა და ციფრული ინკლუზიის განვითარებას და გაძლიერებას საქართველოში.
ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ევროპის ბიზნეს ასოციაციასა და ლიეტუვურ Women Go Tech-თან ერთად ახორციელებს, მიზნად ისახავს, ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას, ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას.