EU-ს დაფინანსებით BTU ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების 1 მილიონიან პროექტს იწყებს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებისთვის ევროკავშირისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.
პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’ მიზნად ისახავს სამი ნაკადის ფარგლებში 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის ჩართვას.
მენტორობის სესიები ხუთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მოდულში გაიმართება, მათ შორის: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი.
პროექტის ბენეფიციარების ერთი მესამედის შერჩევა დედაქალაქის გარეთ, რეგიონებიდან მოხდება.
ევროკავშირის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქალების გაძლიერება და განვითარება ტექნოლოგიურ სექტორში. პროექტი გულისხმობს ინტენსიური მენტორობის პროგრამების განხორციელებას, ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობას, რათა შექმნან მეტი შესაძლებლობები ქალებისთვის სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.
BTU-ს ფართომასშტაბიანი პროექტი – „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” მიზნად ისახავს ციფრულ სფეროებში ქვეყნის ადამიანური რესურსების გაძლიერებას, ქალთა ჩართულობის ზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. პროექტი ეხმიანება ევროკავშირის 2020-2025 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიას და ციფრული უთანასწორობის მესამე სამოქმედო გეგმას. პროექტი განხორციელდება წამყვანი ლიეტუვური ქალთა გაძლიერების ორგანიზაციის Women Go Tech მხარდაჭერითა და ჩართულობით.