ეს ქეისი იკვლევს, როგორ იწვევს ინფლუენსერთა პირადი პოსტები სოციალურ ქსელებში უფრო მეტ ჩართულობას, ვიდრე დასპონსორებული რეკლამები. ავთენტურობის წარმოჩენა და ემოციური პოსტები ზრდის გამომწერების ჩართულობას
კვლევა: რა გავლენა აქვს ინფლუენსერთა სოციალურ წრეში ჩართვას
2024 წლის ივლისში ფეხბურთელმა და მეწარმე დევიდ ბექჰემმა Instagram-ზე ოთხი პოსტი გამოაქვეყნა. სათვალეების დასპონსორებულმა რეკლამამ 460 000 “მოწონება” მიიღო, ხოლო ინტერმაიამის გუნდის გამარჯვების აღნიშვნამ – 360 000. თუმცა, ბექჰემის პირადი ფოტოებს — ერთს მამასთან, მეორეს კი მეუღლესთან — სამჯერ უფრო მეტი მოწონება მოჰყვა – 1.3 და 1.8 მილიონი, შესაბამისად.
ბექჰემს Instagram-ზე ერთ-ერთი ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინფლუენსერია. მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია, რადგან ის რეკლამას უკეთებს ბრენდებს, რომლებიც მაღალ ანაზღაურებას იხდიან, რომ მის 88 მილიონ გამომწერთან ჰქონდეთ წვდომა. თუმცა, დღითიდღე უფრო მეტი ბრენდი თანამშრომლობს შედარებით მცირე აუდიტორიების მქონე ინფლუენსერებთან, რადგან მათი გამომწერები უფრო მეტად არიან ჩართულნი თითოეულ პოსტში.
ჩვენი ახალი კვლევის მიზანი იყო იმის გაგება, რა ფაქტორები ზრდის პოსტებში ჩართულობას. ჩვენი ჰიპოთეზის მიხედვით, ყველაზე მეტი ინტერესი მოჰყვება პოსტებს, რომლებიც წარმოაჩენს ინფლუენსერთა პირად ცხოვრებასა და ემოციებს, რაც ზრდის მათ “ავთენტურად” აღქმას. ნაკლებად ავთენტურ პოსტებს, მაგალითად, დასპონსორებულ რეკლამებს, ნაკლები ჩართულობა მოჰყვება. ბექჰემის ივლისის პოსტების მაგალითი ადასტურებს ამას.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ავთენტური პოსტები, სადაც ხსენებულია ოჯახის წევრები ან ახლო მეგობრები, უფრო დადებითად აღიქმება გამომწერების მიერ და იწვევს უფრო მეტ ჩართულობას. სამეწარმეო რეკლამებიც კი, როცა ისინი დაკავშირებულია ინფლუენსერის პირად ცხოვრებასთან, უფრო ავთენტურად აღიქმება.
როგორ შეუძლიათ ბრენდებსა და ინფლუენსერებს ეფექტიანად ითანამშრომლონ? ჩვენი კვლევა რამდენიმე რჩევას გვთავაზობს:
- პროდუქტის ინტეგრაცია ინფლუენსერთა ცხოვრებაში
ბრენდებმა და ინფლუენსერებმა უნდა იფიქრონ იმაზე, როგორ წარმოაჩინონ პროდუქტი ინფლუენსერის ცხოვრებასთან მიმართებით, რაც პროდუქტის რეკლამას უფრო ავთენტურს გახდის. მაგალითად, თუ რეკლამა შეიცავს ინფორმაციას, რომ პროდუქტი გამოიყენება ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, ეს ზრდის მის ავთენტურობას. - ავთენტურობის წარმოჩენა სხვა გზებით
კვლევამ აჩვენა, რომ ავთენტურობა მხოლოდ ოჯახის წევრების ან მეგობრების ხსენებით არ იზრდება. ძლიერი ემოციების (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების) გამოხატვა ასევე იწვევს ჩართულობის ზრდას. ასევე, პირველ პირში დაწერილ პოსტებს (“მე ვცურავ” ნაცვლად “ცურვისა”) მეტი პოზიტიური ჩართულობა მოჰყვება. - სიფრთხილე
მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროებამ შეიძლება გაზარდოს ჩართულობა, ზღვარის მოძებნა პირადსა და პროფესიულს შორის რთულია. გარდა ამისა, ჩვენს კვლევაში პირადი პოსტები საკმაოდ იშვიათად გვხვდებოდა, რაც ასევე შეიძლება განაპირობებდეს მათ პოპულარობას. ხშირმა პირადმა პოსტებმა, შესაძლოა, შეცვალოს გამომწერების დამოკიდებულება.
ზოგადად, კვლევამ დაადასტურა, რომ ავთენტურობა ინფლუენსერის ჩართულობის გასაღებია. გამომწერებს ძალიან აინტერესებთ პირადი და ავთენტური შინაარსი, რაც ინფლუენსერთა პოსტებს უფრო მიმზიდველს ხდის.
წყარო: HBR.org