ჩვენი სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპი, MUZA
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართული MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამაში გამარჯვებულ სტარტაპ MUZA–ს კომპანია „სილქნეტმა“ 10 000 ლარი გადასცა.
ეს არის სამი სტუდენტის მიერ შექმნილი სტარტაპი, რომლის აპლიკაციაც მუზეუმის დათვალიერების პროცესს მეტად სახალისოს, საინტერესოს და შემეცნებითს ხდის. დამთვალიერებელს კონკრეტულ სამუზეუმო სივრცეში შეაქვს მოწყობილობა, რომელშიც აპლიკაციაა ჩატვირთული და მუზას მიცემული მისიების შესრულებით ეცნობა ექსპონატებს. მისიები მოიცავს ისეთ დავალებებს, როგორიცაა: ექსპონატის პოვნა, მის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის დამახსოვრება, ფრაგმენტების შესაბამისი ნივთების ამოცნობა და ა.შ. ნებისმიერი დავალების შესასრულებლად ვიზიტორი უნდა გაეცნოს ექსპონატებსა და მათ თანდართულ ინფორმაციას.
„სწავლებაში გემიფიკაციის ელემენტების შეტანა მასალის ათვისებას ხელს უწყობს და ამას უამრავი კვლევა ადასტურებს, ამიტომ აპლიკაციის ძირითადი მომხმარებლები სწორედ სკოლის მოსწავლეები იქნებიან და მათ „მუზა“ ისტორიისა და ხელოვნების შესწავლას გაუმარტივებს. განსაკუთრებით სახალისოა აპლიკაციით სარგებლობა ჯგუფური ვიზიტების დროს. მას შემდეგ, რაც მოთამაშეები გაივლიან მარტივ რეგისტრაციას, ისინი საერთო რბოლაში ერთვებიან და დაგროვილი ქულებისა და გამოყენებული დროის მიხედვით, აპლიკაცია გამარჯვებულსაც გამოავლენს. მსგავსი შეჯიბრი წარმატებით თამაშის მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. პროცესი ქაოსში რომ არ გადაიზარდოს, აპლიკაციის სპიდომეტრი მოთამაშეთა სიარულის ტემპს აკონტროლებს და “სიჩქარის გადაჭარბების” შემთხვევაში აფერხებს მათ. ხშირად ვამბობთ, რომ ახალი თაობა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოწყვიტა კულტურას, ჩვენ კი გვინდა, რომ სწორედ თანამედროვე მეთოდებით დავაკავშიროთ ახალგაზრდები ისტორიასა და ხელოვნებასთან,“ – განმარტავენ „მუზას“ შემქმნელები.
„მუზა“ არის MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამის ერთ–ერთი გამარჯვებული
პროგრამა 4 კვირის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 სტარტაპ მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 „ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი“ და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს MIT-ის მენტორების დახმარებით უნდა ემუშავათ მობილურ აპლიკაციებზე, რომელიც ინოვაციური და საინტერესო იქნებოდა.
MIT-ის მენტორის, უილიამ სპირმენის შეფასებით, სტუდენტები, რომლებიც აპლიკაციების მომზადებაში იყვნენ ჩართულები, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანენ.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა“ და MIT-ის პროგრამა შესანიშნავი გამოვიდა. არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გვქონდა სტარტაპის დასაწყებად. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა იზრდება და ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ჩამოვედით და ვფიქრობთ, რომ სტუდენტები ქვეყნის განვითარებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენენ“, – აღნიშნა მან.
„ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორის ნინო ენუქიძის განცხადებით, „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობა BTU-სთვის კიდევ ერთ წარმატებულ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.
„გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა“ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანია. MIT-ის გლობალური სტარტაპ-ლაბი პირველად საქართველოში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ბაზაზე განხორციელდა. სტუდენტები ინოვაციური იდეებით წარდგნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი სტუნდენტებისთვის, არამედ ამ ეკოსისტემაში მონაწილე ყველა მხარისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მონაწილე ყველა ორგანიზაციას, თუ სააგენტოს“, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.
MIT გლობალური სტარტაპ ლაბის მხარდამჭერი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოფიციალური პარტნიორები კი: „თიბისი სტარტაპერი” და „სილქნეტი”.