ჩვენი არტ ინკუბატორის სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა
ჩვენი არტ ინკუბატორის სტარტაპმა ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა და საერთაშორისო შეჯიბრში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას!
ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში პროგრამაში ჩართული ახალგაზრდებისთვის კონკურსი Big Idea Challenge მოეწყო და 17 ივლისს “სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში გამარჯვებულებიც გამოვლინდა. კონკურსი მოიცავდა სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. თითოეული კატეგორიიდან ფინალურ ფიჩინგზე 3-3 გუნდი წარდგა და კატეგორიის გამარჯვებულები დასახელდნენ. გამოვლინდა ქვეყნის ჩემპიონიც. ეს არის პროექტი „საპო“.
გამარჯვებული პროექტის ავტორები არტ ინკუბატორის წევრები ნაილი ვახანია და თენგიზ კავკასიძე არიან. გუნდს გადაეცა ფულადი პრიზი 3 000 გირვანქა სტერლინგი. პროექტის ატორები, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდში გამართულ სტარტაპების შეხვედრაზე.
9 ფინალისტი გუნდი საქართველოს ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ფინალისტი პროექტები კატეგორიების მიხედვით კი ასე გადანაწილდა – შემოქმედებითი იდეები: SAPO, Georgian Memori, Mughami; ციფრული იდეები: Iwant, Smartion, Virtual Tickets; სოციალური გავლენა: CHU, Helping Hand, Ceres. პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს. ეს არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომლის ნაწილიცაა კონკურსი Big Idea Challenge. ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოსა და ამიერკავკასიაში ზაზა ფურცელაძე განმარტავს, რომ ინიციატივა 2018 წელს დაიწყო და არაერთ საინტერესო პროექტს დააფინანსებს.
„მიხარია, რომ კონკურსის დონე იყო ძალიან მაღალი.მეტად საინტერესო განაცხადები შემოვიდა და ჟიურისთვის რჩეულების გამოვლენა საკმაოდ რთული იყო. თუმცა კონკურსი კონკურსია და ჩვენ გამარჯვებული პროექტი გამოვავლინეთ. პრიზები გვაქვს ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, მიზნობრივი. ეს ყველაფერი მონაწილეებს ინოვაციური იდეების განვითარებაა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარება,“ – განაცხადა ზაზა ფურცელაძემ.
საქართველოში გამარჯვებულ გუნდთან ერთად ერთად ბრიტანეთში კიდევ 6 ქვეყნის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება. პროგრამა შემოქმედებითი ნაპერწკალი 7 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტარდება.
ქართული გამარჯვებული პროექტი SAPOარტ ინკუბატორის წევრებმა შექმნეს. არტ ინკუბატორის პარტნიორი კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია. როგორც უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს სტარტაპების შექმნასა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მიღებაში მაქსიმალურად ეხმარება.
„ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსს, რომელმაც გამოავლინა საუკეთესო სტარტაპი 6 ქვეყანასთან ერთად ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად. ყველა ქვეყენაში ნომინირებულ ფინალისტს შორის ერთი გამარჯვებული დიდ ბრიტანეთში გამოვლინდება. ეს არის პროექტი, რომელიც ერთი წლის განმავლობასი ხორციელდებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.მის ფარგლებში დაფუძნდა თბილისის კრეატიული ცენტრიც და სწორედ ამ ცენტრის ბენეფიციარია ჩვენი გამარჯვებულიც,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
საერთო ჯამში კონკურსში მონაწილეობა 300-ზე მეტმა პროექტმა მიიღო, რომელთაგან 53 საქართველოდან იყო.