BTU ცოდნის ბანკი – სტუდენტის ციფრული მეხსიერებაა, რომელიც მათ პროდუქტიულობას მაქსიმალურად ზრდის
ცოდნის ბანკი – პროექტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში Edtech–ის მიმართულებით დააანონსა, სტუდენტებში ძალიან მოთხოვნადია. საგანმანათლებლო პლატფორმასთან წვდომა BTU-ს 600-ზე მეტ სტუდენტს უკვე აქვს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით: მობილურით, პლანშეტით, პერსონალური კომპიუტერითაა შესაძლებელი.
ეს არის მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. ატვირთული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.
„ცოდნის ბანკის“ ამბასადორების განმარტებით, ეს არის საქართველოში უპრეცედენტო პროექტი, რომელიც აშშ-ს „სილიკონ ველიში“ შექმნილი სამუშაო აპლიკაცია „Notion“-ის პლატფორმის ბაზაზე ფუნქციონირებს.
„ცოდნის ბანკი, იგივე სტუდენტის ციფრული მეხსიერება ფართო ფუნქციონალის დახმარებით უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. აზრების, ჩანაწერების, პოდკასტების, სტატიების, ასევე წამყვანი ინდუსტრიების ლიტერატურისა და უბრალოდ ჩვენთვის საინტერესო ნებისმიერი ციფრული მასალის შენახვა მთელი ცხოვრების განმავლობაში შესაძლებელია. ესაა ერთიანი ციფრული სამუშაო სივცრე, სადაც არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ჩვენს გუნდთან ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ. ის არამხოლოდ ინახავს ჩვენ მიერ მიწოდებულ ნებისმიერ ჩანაწერსა თუ იდეას, არამედ მათ ავტომატურ კლასიფიცირებასაც ახდენს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ პლატფორმა სწავლებისა და მუშაობის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, გვეხმარება დროის დაზოგვასა და პროდუქტიულობის გაზრდაში,“ – განმარტავს „ცოდნის ბანკის“ ამბასადორი, ბიზნესისა და ტექნილოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ნატროშვილი.
„ცოდნის ბანკი სტუდენტებს შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს უწყვეტი წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან. ამ პლატფორმის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი სამუშაო სივრცე და არასდროს ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტრენდებს ბიზნესის, ტექნოლოგიების, მეწარმეობისა და სხვა მრავალი დარგის მიმართულებით. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, პასუხისმგებლობაა ვიყო მსგავსი მნიშვნელობის მქონე პროექტის ამბასადორი,“ – აღნისნავს „ცოდნის ბანკის“ ამბასადორი, BTU-ს სტუდენტი გიორგი მგალობლიშვილი.
კვლევების თანახმად, 5 წლის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 3% ამახსოვრდება. სწორედ აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად შეიქმნა პლატფორმა Notion, მის ბაზაზე კი – „ცოდნის ბანკი“. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ციფრული ინსტრუმენტი პროდუქტიულობის გასაზრდელად. „ცოდნის ბანკი“ ასევე, შესაძლებლობას აძლევს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მოახდინოს იდეების განვითარების მონიტორინგი და მასშტაბური პროექტების ერთი გარემოდან მართვა.