BTU-ში ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტი დაინერგა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტი დაინერგა. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ამ სიახლის დასანერგად უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდნენ.
ქართულ ენაზე თარგმნილი ფინანსური ლიტერატურა, ფინანსური „ქეისები“, გაცვლითი და დასაქმების პროგრამები ფინანსებში, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ლექტორებად, Fintech-ი და სხვა ახალი საგნები – ეს იმ მოდულთა ჩამონათვალია, რომლის ფარგლებშიც BTU-მ პროგრამის განახლება და თანამშრომლობა დაიწყო.
ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელის, მაია მელიქიძის თქმით, მესამე კურსიდან BTU-ის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, Fintech-ის მიმართულებით მოახდინონ იდეათა გენერირება, შემდეგ იდეიდან კომერციალიზაციამდე გაიარონ გზა მენტორების დახმარებით და სტარტაპი არ იყოს ტრადიციულად გაგებული.
„ბიზნესის ნულიდან დაწყება არ არის სტარტაპი. სტარტაპი არის განსხვავებული ინოვაციური იდეა, რომელიც განსხვავდება სხვა იდეებისგან. შემდეგ უკვე სტუდენტებს სჭირდებათ ამ ყველაფრის რეალიზება, მაგრამ არ აქვთ თანხები და ჩვენ გვაქვს „დემო“ დღე, რომელიც მაისში იქნება. მაისამდე სტუდენტები ახდენენ თავიანთი იდეების გენერირებას და შემდეგ უკვე ისინი წარდგებიან დამფინანსებლების წინაშე და ფონდის დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ გარკვეული დაფინანსება,“- განაცხადა მაია მელიქიძემ.
ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტის დანერგვაში, BTU-ს პარტნიორი ორგანიზაციები არიან: KPMG Georgia; „პროკრედიტ ბანკი“; „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“; „საზოგადოება და ბანკები“, „ეროვნული ბანკი“; „ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური“; „ბიდიო აკადემია“.
„ფინანსისტი, როგორც სპეციალობა ძალიან შეიცვალა ბოლო წლებში. ფინანსისტს დღეს სჭირდება, ჰქონდეს სრულიად განსხვავებული და განახლებული კომპეტენცია იმისთვის, რომ ბაზარზე მისი დასაქმება იყოს შესაძლებელი. იყოს კონკურენტუნარიანი კადრი არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ფინანსების სწავლების კომპონენტში მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში აქტიურად შემოდის ტექნოლოგიების მიმართულება. ჩვენ შევკრიბეთ საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუციები. ადგილობრივი, საერთაშორისო, სახელმწიფო თუ კერძო სექტორი, ვისაც ვრთავთ სწავლების პროცესში, ლიტერატურის განახლების პროცესში, ახალი მოდულების შემუშავების პროცესში და სტუდენტების დასაქმების პროცესში,“ – განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ნინო ენუქიძემ.