BTU-ში პანელური დისკუსია ,,კვლევითი პროექტების კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობა” გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში კვლევითი ცენტრის ინიციატივით, კვლევითი პროექტების კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობის შესახებ დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) წარმომადგენლები, ძალაში მყოფი პატენტებისა და კვლევითი პროექტების ავტორები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ჩართული მხარეების მონაწილეობით კვლევის კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის ირგვლივ მსჯელობა – არსებული შესაძლებლობების, ბარიერებისა და გამოწვევების მიმოხილვა.
შეხვედრის ფარგლებში ტექ. ტრანსფერის საპილოტე პროექტის და მომდევნო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ. კვლევის კომერციალიზაციისა და ტექ. ტრანსფერის ეკოსისტემაში ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი მიმოიხილა ,,საქპატენტის“ გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ.
გამოყენებითი კვლევების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსების შედეგებზე ისაუბრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG) წარმომადგენელმა ნინო მაჩურიშვილმა.
ამასთან, აღინიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობა აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში – ,,უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) და ტექნოლოგიების ტრანსფერის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ შორის, საუბარი შეეხო BTU-ის მიერ, აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) ერთობლივად შემუშავებულ საპილოტე კურსს ტექნოლოგიების ტრანსფერში.
შეხვედრის მონაწილე კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა ბ-ნ გოჩა ქურდაძემ (სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი), ქ-ნ ნინო სონიშვილმა (შპს Camelyn), ბ-ნ ირაკლი გურუმა (Intellcom Group • ინტელკომ ჯგუფი), ქ-ნ ნინო დვალმა (,,ახალი მზერა) და სხვებმა ისაუბრეს წარმოების პროცესში ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყობ უნივერსიტეტებს კერძო სექტორისგან უკუკავშირის მიღების პროცესში. ამავე შეხვედრაზე მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.
BTU-ს მიერ შემოთავაზებული დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმა გულისხმობს გამომგონებლებთან, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე კვლევითი პროექტების ავტორებთან და პატენტების მფლობელებთან შეხვედრებს, მათთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და, კერძო სექტორთან კომუნიკაციის გზით, იდეის მომხმარებლამდე მიტანის გზების ძიებას.