BTU-ში Junior Tech-ის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პროექტ Junior Tech-ის ბენეფიციარებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კურსების შესახებ, შეხვდნენ ლექტორებს და დაათვალიერეს კომპიუტერული ლაბორატორიები.
Junior Tech გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ერთობლივი ინიციატივით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ბენეფიციარების გადამზადება 25 სექტემბრიდან დაიწყება.
პროგრამა 9 თვის გამმავლობაში გაგრძელდება.
პროგრამის მიზანია გაზარდოს ციფრული და კომუნიკაციის უნარები განსაკუთრებით დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მისცეს მათ შესაძლებლობა, აღიჭურვონ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც გაუადვილებთ ბარიერების გადალახვას შემდგომი განათლების და დასაქმების მიმართულებით. პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს გამოავლინონ თავიანთი სრული პოტენციალი ახლად შეძენილი ციფრული და კარიერული მზაობის უნარების გამოყენებით.
პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, გაეროს ბავშვთა ფონდი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ათეულობით ბიზნეს ორგანიზაცია გაერთიანდა და შედეგად, პროგრამაში მონაწილეობა უფასოა 15-21 წლის 81 ბავშვისა და ახალგაზრდისთვის მოწყვლადი ჯგუფებიდან.
სწავლების ლოკაციები:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამის შესახებ
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები გაივლიან სამ მოდულს:
- ციფრული წიგნიერება
- ტექ კურსები (ტექნიკური ინგლისური, გრაფიკული დიზაინი, სოციალური მედია-მარკეტინგი)
- დასკვნითი მოდული – „შექმენი შენი კარიერა“
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართება კარიერული „ბუთქემფი“ – შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობების მოძიების მიზნით. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეძენილი ცოდნა და უნარები გამოავლინონ დამსაქმებლებთან გასაუბრებების და პრეზენტაციის დროს.
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს, რომ ყველა ბავშვს და ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა სწორ ინსტრუმენტებზე, ცოდნაზე და შეუძლია თავისუფლად ნავიგაცია თანამედროვე ციფრულ ეპოქაში.
პროექტის პარტნიორები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თიბისი ბანკი, თეგეტა მოტორსი, მედ დიაგნოსტიკა, კარფური, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Phubber, B2C, ქუანტორი საქართველო, ლიბერთი ბანკი, Exadel Georgia, Lineate Georgia, Quick , WPC Dinamo Tbilisi, ფიზკულტურა, LAB Technologies, Girteka, HT Solutions, CityPay.io , პორშე ცენტრი თბილისი, ავტო გალერი, ტოიოტა ცენტრი ბათუმი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, მაზდა ცენტრი თეგეტა , ვოლვო ქარ საქართველო, Europcar Georgia, NIU E-Scooters.